
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს - კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ფედერაციასთან ერთად სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევის ინიციატივაზე მუშაობს.
პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება დაბალანსებული უნდა იყოს, რათა ერთის მხრივ გაითვალისწინონ მოსახლეობის წუხილი ჭარბ ხმაურზე, ხოლო მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები.
„მოსახლეობა გამოთქვამდა ხშირად წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, იქიდან მხრიდან ინიციატივა არის 100 დეციბალზე ზღვრის გავლება.
აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ავტომობილების ხმაურზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე) ხმაურის მაქსიმალური ზღვარი 80 დეციბალით განისაზღვრა. რაც შეეხება დღის საათებსა და მაგისტრალებს, აქ ნორმები ტექინსპექტირების რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელიც მძღოლებს სპეციალური პორტატული აპარატებით ამოწმებს. წესები არ ვრცელდება მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე სპორტულ ავტომობილებზე, როცა ისინი წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე გადაადგილდებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge