
მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას კასპში მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა
მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანია „ზემო ვინდს“, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიაბში 2 934 კვ.მ. მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.
კომპანიამ მიწის პრივატიზებისთვის 20 550 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა გადაიხადოს.
მთავრობის 1991-ე განკარგულების მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც „ზემო ვინდმა“ „ზემო ქარის ელექტროსადგური“ იმ ვადებში უნდა ააშენოს და აამოქმედოს, რომელიც საქართველოს მთავრობას, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ზემო ვინდს“ შორის 2025 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
უნდა აღინიშნოს, რომ სემეკმა შპს „ზემო ვინდის“ უკვე არსებულ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია აპრილის დასაწყისში გასცა.
ქარის ელექტროსადგური კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი დადგმული სიმძლავრე 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება 67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
სემეკის ინფორმაციით, შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური 3 აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.
ახალი განკარგულებიდან არ ჩანს, ითვალისწინებს თუ არა „ზემო ვინდისთვის“ სოფელ ნიაბში მიწის პირდაპირი ფორმით მიყიდვა, დამატებითი ტურბინების მშენებლობას.
შპს "ზემო ვინდი" 2022 წელს არის დაფუძნებული. მისი 100%-იან წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. კომპანიის ამონაწერის თანახმად, პროექტი "საქართველოს ბანკის" საკრედიტო დაფინანსებით ხორციელდება.
სულხან პაპაშვილის ქარის სადგურმა მარტში 4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა
BM.GE
წყარო: bm.ge