
მთავრობის კუთვნილმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 2025 წელს 257 მილიონი ლარით იზარალა
100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ 2025 წელი 257.1 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით ზარალი შემცირდა (2024 წელს 375 მლნ ლარის ზარალი), კომპანია მაინც ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი სახელმწიფო საწარმოა და მის მიერ წლების განმავლობაში აკუმულირებული ზარალი 1.93 მილიარდ ლარს აღემატება. კომპანია წლიდან წლამდე არის დამოკიდებული სახელმწიფო სუბსიდიაზე, რაც 2025 წელს 50 მილიონი ლარით, 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
აუდიტირებული ანგარიშგება მიუთითებს, რომ კომპანიის საოპერაციო შემოსავლები საკუთარი ხარჯების დასაფარად საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, საქმიანობის გაგრძელება დამოკიდებულია მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერაზე. 2025 წელს კომპანიამ სახელმწიფო სუბსიდიის სახით 200 მილიონი ლარი მიიღო.
კომპანიის მთლიანი შემოსავალი 263.4 მილიონი ლარი იყო, საიდანაც მხოლოდ 58.8 მილიონი ლარი მოდიოდა წყლის მომსახურებიდან მიღებულ ამონაგებზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ძირითადად სახელმწიფო სუბსიდიასა და სხვა შემოსავლებზე.
ყველაზე მსხვილი ხარჯი 2025 წელს კვლავ ძირითადი აქტივების გაუფასურება იყო, რომელმაც 373.5 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, კომპანიამ პერსონალის შენახვაზე 63.5 მილიონი ლარი დახარჯა, ელექტროენერგიაზე 39.1 მილიონი ლარი, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებმა თითქმის 28 მილიონი ლარი შეადგინა.
მმართველობის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიაში 2025 წლის ბოლოს დაახლოებით 3,300 თანამშრომელი იყო დასაქმებული. წლის განმავლობაში თანამშრომლების ანაზღაურებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე 63.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 12 მილიონით გაიზარდა.
"გაერთიანებული წყალმომარაგების" ფუნქციაა სასმელი წყლის მოპოვება, დამუშავება და მიწოდება, ასევე წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია საქართველოს იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც მომსახურებას თავად უზრუნველყოფს.
2025 წელს კომპანიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 453.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანიის წყალმომარაგების ქსელში ჩართული აბონენტების რაოდენობა დაახლოებით 398 ათასს, ხოლო წყალარინების სისტემის აბონენტების რაოდენობა 309 ათასს შეადგენდა.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის ბოლოს კომპანიის აქტივების ღირებულება 2.44 მილიარდ ლარს აღწევდა, ხოლო ვალდებულებები 1.73 მილიარდი ლარი იყო. მიღებული სესხების მოცულობა 1.46 მილიარდ ლარს აღემატებოდა, რაც ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრძელვადიან დაფინანსებას წარმოადგენს.
აუდიტორის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ფინანსურ კოეფიციენტს ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, აუდიტორის მოსაზრება არ შეცვლილა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი სუბსიდირება კომპანიის საქმიანობის უწყვეტობის საფუძვლად არის მიჩნეული.
BM.GE
წყარო: bm.ge