
“მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს რეგულირებადი კომპანიების მიერ” - რა ვიცით დენის სისტემურ გათიშვაზე?
“მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ანგარიში და კონკრეტულად გვეცოდინება ის ტექნიკური გამოწვევები, რომელიც სისტემაში არსებობს, მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს რეგულირებადი კომპანიების მიერ”- ამის შესახებ GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ, სემეკში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ქსელში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესახებ სემეკის სამუშაო ჯგუფის საბოლოო დასკვნა უნდა განეხილათ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სამუშაო ჯგუფის ანგარიშის საფუძველზეც მარეგულირებელი კომისია გადამცემი და გენერაციის ობიექტების დაჯარიმებას აპირებს. 24-25 ივლისის სისტემური ავარიის მიზეზების შესწავლის შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება, თუმცა დასკვნის საფუძველზე სემეკის თავმჯდომარე ღიად ამბობს, რომ სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
სახელმწიფო ელექტროსისტემისა და "ხრამიჰესის" წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე სემეკის სხდომა, სადაც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. დაინტერესებულმა მხარეებმა დასკვნასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენისთვის დამატებითი დრო ითხოვეს. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, სემეკი საკითხის განხილვას 10 დღის ვადაში დაუბრუნდება.
ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის შეფასებით, გადამცემი ქსელის გამართულობა გარკვეული პერიოდულობით უნდა შემოწმდეს, ხოლო თუ არსებული ხარვეზები დროულად არ აღმოიფხვრა ეს ქსელში გენერაციის ინტეგრაციის მხრივაც შექმნის პრობლემებს.
“დიაგნოსტიკა უნდა ხდებოდეს პერიოდულობით, გარკვეული წლების ჭრილში და ბუნებრივია, ამ დიაგნოსტიკის ჩატარების შედეგად გამოვლინდა, რომ გარკვეული ხარვეზები არის სწორედაც გადამცემ ქსელში. ამან გამოიწვია ის შედეგი, რომელიც დადგა ივლისის ბოლოს და ბუნებრივია, ენგურჰესსაც ძალიან დიდი დატვირთვა მოუწია. ამ მდგომარეობით ენგურჰესი მუშაობს გარკვეულწილად შეფერხებებით. მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ანგარიში და კონკრეტულად გვეცოდინება ის ტექნიკური გამოწვევები, რომელიც არსებობს, მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს რეგულირებადი კომპანიების მიერ — ვგულისხმობ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს, მათ შორის ენგურჰესსაც, ხრამჰესებსაც, იმისათვის, რომ დროულად აღმოიფხვრას ეს ტვირთი, რომელიც ახლა აღებული აქვს ენგურჰესს და ასევე მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებს.
კარგად მოგეხსენებათ ისიც, რომ დროთა განმავლობაში ვოლატილური ენერგიის ინტეგრაცია ხდება ქსელში — ეს არის მზის და ქარის ენერგია და ამისთვისაც მზად უნდა იყოს ქსელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული გამოწვევა გენერირებული ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრაციის.
თუ არ იქნება გადამცემი და სადისტრიბუციო ქსელი მზად შეგვექმნება ის გამოწვევა, რაც არის: სად წავიღოთ უკვე გენერირებული ელექტროენერგია. ეს კიდევ ერთხელ გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ სირთულეებს სექტორის განვითარების მხრივ”, - განაცხადა მაია მელიქიძიმ bm.ge-სთან ინტერვიუში.
სემეკის წინასწარი მოკვლევით, 25 ივლისს თითქმის მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა "იმერეთის" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ავარიები წარსულშიც მომხდარა, თუმცა, ამჯერად, არ იმუშავა სისტემის დაცვის მექანიზმებმა, უფრო კონკრეტულად კი, ენგურჰესის შესაბამისმა აგრეგატებმა. სემეკის მოკვლევის ჯგუფი აცხადებს, რომ აღნიშნული აგრეგატების გამართულობის უზრუნველყოფასა და ტესტირებაზე სახელმწიფო ელექტროსისტემას უნდა ემუშავა, რასაც თავის მხრივ ელექტროსისტემა არ დაეთანხმა.
ენგურჰესი საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ სისტემურმა ავარიებმა, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს განვითარდა, რასაც მოყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1,3, 4 და 5 გენერატორებისს აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასიტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე. პრობლემის გადაწყვეტისთვის ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურის 4 ჰიდროგენერატორის აგზნების სისტემებისა და ძაბვის რეგულატორების განახლებას გეგმავს, რაზედაც 560 ათას ევროს დახარჯავს.
საინვესტიციო ბანკ გალტ&თაგარტის შეფასებით, ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან მოყოლებული ენგურს ტექნიკური შეზღუდვები აქვს, რამაც სექტემბერში ენგურ-ვარდნილის გენერაციის წლიურად 26,7%-ით ვარდნა გამოიწვია.
ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც, რაც განიმარტა, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა.
24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე სემეკის გარდა ამ დრომდე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება უცნობია.
BM.GE
წყარო: bm.ge