
ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მის დროებითი აცილების საკითხს განიხილიავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.
ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“, გაცნობებთ რომ აღნიშნული სუბიექტი დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმური შემოწმების შედეგად", - ნათქვამია განაცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge