
ნათია თურნავამ "ქართუ ბანკისგან" 2025 წელს $604 000-ის იპოთეკური სესხები აიღო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 2025 წელს „ბანკი ქართუდან“ ოთხი იპოთეკური სესხი აიღო. სესხები გაფორმებულია 2025 წლის იანვარსა და ივნისში და მათი საერთო მოცულობა 604 ათას აშშ დოლარს აღემატება. ეს წარმოადგენდა კრედიტების ქართუში გადატანას, რადგან წინა ქონებრივი დეკლარაციით, ნათია თურნავას სესხები "საქართველოს ბანკში" ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "ქართუ ბანკიდან" შემდეგი თანხები ისესხა:
• 94 000 აშშ დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხი — ხელშეკრულების თარიღი 2025 წლის 23 იანვარი, დაფარვის ვადა 2033 წლის 16 ივლისამდე; • 67 400 აშშ დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხი — გაფორმებული 2025 წლის 23 იანვარს, დაფარვის ვადა 2039 წლის 16 დეკემბრამდე; • 267 100 ევროს მოცულობის იპოთეკური სესხი — გაფორმებული 2025 წლის 23 იანვარს, დაფარვის ვადა 2039 წლის 16 დეკემბრამდე; • 122 000 ევროს მოცულობის იპოთეკური სესხი — გაფორმებული 2025 წლის 18 ივნისს, დაფარვის ვადა 2040 წლის 18 იანვრამდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს მისი ანაზღაურება 392 689 ლარი იყო. ეს მაჩვენებელი 2024 წელს მიღებულ შემოსავალს 43.6 ათასი ლარით აღემატება.
დეკლარაციაში ასახულია თურნავას და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ფინანსური აქტივები, სასესხო ვალდებულებები და წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები.
ნათია თურნავას საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება. მათ შორისაა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 130.79 კვ.მ ბინა, რომელიც მას 2003 წელს ჩუქებით გადაეცა.
ასევე, თურნავა ფლობს 33.03 კვ.მ ბინას ბათუმში, რომელიც 2020 წელს მიიღო საჩუქრად.
2024 წელს მან ბაკურიანში საცხოვრებელ სახლში 50%-იანი წილი შეიძინა. 199 კვ.მ ფართობის უძრავი ქონების ღირებულება დეკლარაციაში 123 710 ლარად არის მითითებული. იმავე წელს თურნავამ ბაკურიანში ავტოფარეხიც შეიძინა, რომლის ღირებულებაც 1 500 აშშ დოლარი იყო.