
ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზეც აისახება, ფასების კლებას მომხმარებელი ახლო პერიოდში ნახავს - ვასილ ხორავა
„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ მსოფლიოში ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზეც აისახება და თუ არსებული ვითარება შენარჩუნდება ირანის ომის გამო, დაახლოებით 60 თეთრით გაძვირებულ საწვავზე ფასი შემცირდება.
ხორავა კონკრეტულ დროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ფასის კლებას მომხმარებელი უახლოეს პერიოდში ნახავს.
"ბოლო ორ კვირაზე მეტია დაახლოებით 10 დღეა ნავთობზე ასეთი დაღმავალი ტრენდია. ეს აისახება პლაცის ნიშნულზეც. ფაქტობრივად 10 დღეა ასეთი დაბალი ნიშნულები ფიქსირდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მომდევნო იმპორტის პირობებში თვითღირებულება გაგვიიაფდეს და ფასების დაწევა შევძლოთ. მოლოდინია, რომ ფასების შემცირება გარკვეულ პერიოდში დაიწყება, რაღაც პერიოდში ეს უკვე შესაძლებელი იქნება.
ჩვენ ფასს კონკრეტული არითმეტიკით ვანგარიშობთ. ეს არითმეტიკა, როგორც აღვნიშნე, ივნისის დასაწყისიდან დადებითია და შემცირების ტრენდს აჩვენებს. ამის ასახვა ბაზარზე დროის მოკლე მონაკვეთში აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ეს ტრენდი უკვე 10 დღეა ეტაპობრივად გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ფასის მომატებაც დაფიქსირდა. საერთო ჯამში, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ტენდენცია შემცირებისკენ არის. ბუნებრივია, ამას საცალო ბაზარზე ასახვა ექნება ფასის შემცირების კუთხით და ჩვენი მომხმარებელი ქსელში უკვე ახლო პერიოდში ნახავს.
შედარებით ანალიზს ვაკეთებდი და რაც ეს კონფლიქტი დაიწყო ანუ პირველი მარტიდან საერთო ჯამში ფასი დაახლოებით 60-65 თეთრით არის გაზრდილი. ბენზინი ისე არ გაძვირებულა, როგორც დიზელი. დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით 1.20 ლარით, ხოლო ბენზინის დაახლოებით 60 თეთრით. ასე რომ ბენზინის ფასი, მოდი ასე ვთქვათ, შემცირებისკენ ისე არ დაკორექტირებულა როგორც დიზელის.
თუ მოლოდინებს ამ კონკრეტული შემთხვევისთვის განვიხილავთ, დიზელის ფასის ნიშნული ალბათ უფრო მეტად წამოვა უკან, ვიდრე ბენზინისა. ანუ დიზელი სწრაფად გაიზარდა და შესაბამისად, მეტად შემცირდა, ვიდრე ბენზინი. ბენზინი ამ შემთხვევაში უფრო სტაბილურია. თუმცა ფასი ბენზინზეც შემცირდება. ციფრებში კლება უფრო მეტად დიზელზე იქნება მოსალოდნელი, თუმცა ბენზინზეც მოხდება ფასის კორექტირება", - განაცხადა ხორავამ.