მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის სიჭარბე & ზედმეტად გაიაფების რისკები – რა ხდება OPEC-ში?
ნავთობის სიჭარბე & ზედმეტად გაიაფების რისკები – რა ხდება OPEC-ში?

ნავთობის სიჭარბე & ზედმეტად გაიაფების რისკები – რა ხდება OPEC-ში?

BM.GE27 ივნისი, 2026, 00:00|bm.ge

მალე შეიძლება ბაზარზე ჭარბი ნავთობი გამოჩნდეს! - ეს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური პროგნოზია, რომლის მიხედვით, ნავთობის ფასების სამთვიანი მზარდი ციკლის შემდეგ, გლობალური ბაზარი 2027 წლისთვის მიწოდების უჩვეულო ზრდის წინაშე დადგება.

ორგანიზაციის შეფასებით, წიაღისეული საწვავის მოსალოდნელი სიჭარბე ამერიკა-ირანის კონფლიქტით იქნება განპირობებული. როგორც ირკვევა, კრიზისის ხანგრძლივად გაწელვის გამო ბაზარმა რეალობასთან შეგუება, მოთხოვნის შემცირება და ალტერნატიულ წყაროებსა თუ მიწოდების ჯაჭვებზე გადართვა დაიწყო და ამ პროცესის უკან შემობრუნება უკვე შეუძლებელია.

ნავთობის მოსალოდნელი სიჭარბის მთავარი კატალიზატორები სამშვიდობო შეთანხმების დადების პარალელურად კვლავ ამერიკა და ირანი იქნებიან. პროცესი ჰორმუზის ბლოკადის მოხსნას, ირანის ექსპორტზე სანქციების შემცირებასა და აშშ-ის მიერ მიწოდების აქტიურ გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც საბოლოო ჯამში, ბაზარზე იმაზე მეტ ნავთობს გააჩენს, ვიდრე ეს 2026 წლამდე იყოს. სააგენტოს ვარაუდით, ახლო აღმოსავლეთში მოპოვების აღდგენის კვალდაკვალ, მომავალ წელს ნავთობის გლობალური მიწოდება დღეში 8 მილიონი ბარელით გაიზრდება, მაშინ როდესაც რეალური მოთხოვნის მატება დამატებით მხოლოდ 2 მილიონ ბარელს შეადგენს.

პარალელურად, მიწოდებისა და მოთხოვნის ამგვარი დისბალანსი ფასების ვარდნას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა ენერგომომპოვებელი ქვეყნები რეცესიამდე მიიყვანოს. ამ ვითარებას განსაკუთრებით ის ამწვავებს, რომ მალე ბაზარზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ინტერესებით მოქმედი მრავალი მოთამაშე გამოვა, მათ შორის აშშ, ირანი, რუსეთი, ვენესუელა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომელთაც დღიურად დაკარგული 15 მილიონი ბარელი ნავთობის ზარალი აქვთ ასანაზღაურებელი. ფასების კლება ეკონომიკებს პირდაპირ დაარტყამს, რაც მსხვილი ინვესტიციების გაჩერებასა და ასობით ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გამოიწვევს. ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ნავთობის საძიებო საქმიანობისთვის სესხებს გასცემდნენ, კოლოსალურ ზარალზე გავლენ, ხოლო თავად ნავთობ-სახელმწიფოებს ბიუჯეტის შესავსებად გადასახადების გაზრდა ან სახელმწიფო პროგრამების შემცირება მოუწევთ.

რაც შეეხება ალტერნატიულ პროცესებს, Reuters-ის ცნობით, ერაყის ხელისუფლება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, ანუ OPEC-ის დატოვების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ოფიციალური ბაღდადი აღნიშნულ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ გაერთიანება მას ნავთობის მოპოვების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდის ნებას არ დართავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკა ირანის ომის გამო მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის. მიმდინარე წლის მაისში ერაყი დღეში 1.5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რაც საგრძნობლად ჩამოუვარდება თებერვლის მაჩვენებელს, როდესაც სრუტის ჩაკეტვამდე მოპოვება 4.2 მილიონ ბარელს შეადგენდა. ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას სურს, რომ ორგანიზაციამ მოპოვების კვოტა მისი საწარმოო შესაძლებლობებისა და მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გაზარდოს, რაც თითქმის 7 მილიონ ბარელს ნიშნავს. თუ ერაყი მართლაც გაზრდის წარმოებას ასე დრამატულად, ეს ფასების ომს უფრო მეტად გაამწვავეს და ნავთობის პროფიციტს ახალ გლობალურ პრობლემად აქცევს.

საინტერესოა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია 1960 წელს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დაარსდა. ერაყი გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, ორგანიზაციიდან მისი შესაძლო გასვლა კი მძიმე დარტყმა იქნება გაერთიანებისთვის, რომელიც ორი თვის წინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც დატოვა. თუ ეს ტენდენცია დაჩქარდება, საბოლოო ჯამში, OPEC-იდან ყველა ძირითად მოთამაშე გავა, რაც კარტელის არსებობას აზრს დაუკარგავს.

ამ პროცესების პარალელურად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მალე ვენესუელაში მოდერნიზაციის პროცესი დასრულდება და პლანეტის ყველაზე დიდი სანავთობო რეზერვის მქონე სახელმწიფო გლობალურ ვაჭრობაში აქტიურად ჩაერთვება. ბაზარზე ვენესუელური ნავთობის გამოჩენა ამჟამად არსებულ არითემტიკას არსებითად შეცვლის, რადგან ის არც OPEC-ის წევრია და არც არაბეთი-რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, შესაბამისად, მის ინტერესში რაც შეიძლება მეტი ნავთობის გაყიდვა იქნება, ეს კი გარდაუვალად გამოიწევს შავი ოქროს მკვეთრად გაიაფებას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Microsoft-მა მზარდი ხარჯების გამო Xbox-ის კონსოლების ფასი გაზარდა

Microsoft-მა მზარდი ხარჯების გამო Xbox-ის კონსოლების ფასი გაზარდა

BM.GE

მასკის Starlink-ი მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას უფასო ინტერნეტს მიაწვდის

მასკის Starlink-ი მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას უფასო ინტერნეტს მიაწვდის

BM.GE

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

BM.GE

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

BM.GE