
ნეთანიაჰუს ნაცვლად იეზენკოტი - ისრაელის ოპოზიციური ბლოკის 5 ლიდერი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა
ისრაელის 5 ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტის შესაცვლელად ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა. ერთობლივი განცხადებით, ნაფტალი ბენეტი, ავიგდორ ლიბერმანი, იაირ ლაპიდი და იაირ გოლანი პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარტია "იაშარის" თავმჯდომარის, გადი ეიზენკოტის კანდიდატურას წარუდგენენ.
ჰერცლიაში გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა მოილაპარაკეს, რომ 26-ე მოწვევის ქნესეთის ფიცის დადებისთანავე საპარლამენტო ნაბიჯების კოორდინაციას დაიწყებენ და ეიზენკოტის მიერ წარდგენილ 4 პრინციპზე დაფუძნებულ საგანგებო ეროვნულ მთავრობას ჩამოაყალიბებენ. პარალელურად, პარტიების მომლაპარაკებელი ჯგუფები კოალიციური შეთანხმებებისა და საბაზისო პრინციპების შემუშავებას დაუყოვნებლივ შეუდგებიან.
რაც შეეხება კოალიციის ფორმირების პერსპექტივას, ერთობლივი დეკლარაციის მიუხედავად, პარტიებს შორის არსებითი უთანხმოება რიგ საკითხებზე ნარჩუნდება. კერძოდ, ამ 5 პოლიტიკურ ძალას პარლამენტში ჯამურად მხოლოდ 48 მანდატი აქვს, მაშინ როცა უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
პარტია "ისრაელ ბეითენუს" თავმჯდომარემ, ავიგდორ ლიბერმანმა ეიზენკოტის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თუმცა წამოაყენა პირობები, რომლებიც კაბინეტის ფორმირების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. მან განმარტა, რომ არაბული პარტიების მხარდაჭერაზე დაფუძნებულ უმცირესობის მთავრობაში არ შევა.
ინფორმაციისთვის, ისრაელის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ მოიპოვა. 120-წევრიანი პარლამენტის, იგივე ქნესეტისთვის ბრძოლაში 53 მანდატი ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციას ხვდა წილად, გადი ეიზენკოტის გაერთიანებას - 48, ისრაელში მცხოვრებ არაბთა პარტიებს კი, ჯამურად 19. საყურადღებოა, რომ ამჟამინდელი მოცემულობით ამ პარტიებთან შეთანხმების გარეშე უმრავლესობაში მოსვლას ვერც ეიზენკოტი და ვერც ნეთანიაჰუ ვერ ახერხებენ. შესაბამისად, თუ პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge