
Netflix-მა ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა
ამერიკულმა კინოინდუსტრიის გიგანტმა, Netflix-მა მომავალი მესამე კვარტალის საპროგნოზო შემოსავალი $12.86 მილიარდით, ხოლო მოგება ერთ აქციაზე 0.82 დოლარით განსაზღვრა, რაც არსებითად ჩამორჩება უოლ-სტრიტის პროგნოზს, რადგან ანალიტიკოსები $13 მილიარდის შემოსავალსა და 0.84 დოლარის EPS-ს პროგნოზირებდნენ.
შედეგი იმდენად იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, რომ Netflix-ის აქციები თითქმის 11%-ით დაეცა, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კი კომპანიის კაპიტალიზაცია განახევრებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვარტლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $12.56 მილიარდი შეადგინა, მოგებამ კი ერთ აქციაზე 0.80 დოლარს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს დაემთხვა, თუმცა ინვესტორებს საპროგნოზო მაჩვენებლები არ მოეწონათ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ზრდის ახალ გზებს ეძებს, რადგან გასართობ ინდუსტრიაში კონკურენცია ინტენსიურად იზრდება. Netflix-ის ძირითად მეტოქეებად ტრადიციული მედიაკომპანიები, მათ შორის Walt Disney, YouTube, Meta და პლატფორმა TikTok-ი არიან .
აპრილის მონაცემებით, კომპანიას 325 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, თუმცა ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ის სარეკლამო ბიზნესს, პირდაპირ ჩართვებსა და ვიდეოთამაშებს ავითარებს. სარეკლამო შემოსავლების სახით წლის ბოლომდე $3 მილიარდის მიღება იგეგმება, რასაც ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლაციებიც შეუწყობს ხელს. პარალელურად, კომპანია ტექნოლოგიურ განვითარებას გეგმავს და დაახლოებით 300 პროექტში გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს უკვე აქტიურად იყენებს.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა Netflix უფასო, რეკლამებით დატვირთული პაკეტის შემოღებას, გრეგ პიტერსმა განმარტა, რომ კომპანია ამ ეტაპზე მსგავს ინიციატივას მხოლოდ განიხილავს და უახლოეს პერიოდში მის დანერგვას არ აპირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge