
"ნუ შეგვაჯიბრებთ ჩინეთს" - როგორ შეიძლება ₾46 მილიონის ფორმები საქართველოში შეიკეროს|ინდუსტრიის 4 რეკომენდაცია
“წერტილი ცალკე ყოფნას უნდა დავუსვათ. თუ ერთად არ დასხდნენ ბიზნესი და სახელმწიფო და ერთმანეთს არ მოვუსმინეთ და არ ვიმსჯელეთ იმაზე, რაც ქვეყნის განვითარებისთვისაა საჭირო, არაფერი გამოვა”, - განაცხადა დავით ბიძინაშვილმა - ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და სამკერვალო ფაბრიკა „ივერია ტექსის“ მფლობელმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა სასკოლო ფორმების ₾46-მილიონიანი პროექტი იყო.
სკოლის ფორმების ₾45-მილიონიანი კონტრაქტი მარტში დაფუძნებულ ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა
"თუ სახელმწიფო მოინდომებს და შეკვეთებს საქართველოში დატოვებს, აღარ იქნება ის შემთხვევები, როცა ქართული კომპანია სხვა ქვეყანაში გაიქცევა შეკვეთის შესასრულებლად”, - ამბობს დავით ბიძინაშვილი.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის სახელმწიფო შეკვეთებით ადგილობრივი ტექსტილის ინდუსტრიის აყვავებაა შესაძლებელი.
მისივე აზრით, სწორედ სახელმწიფომ უნდა მისცეს ადგილობრივ ინდუსტრიას გაზრდის საშუალება, სხვა შემთხვევაში, მეწარმე ტექსტილის სექტორში გაფართოებასა და ინვესტიციებზე არ იფიქრებს.
“ვაპირებთ აქტიურობას… ამ თემაზე თქვენი თუ სხვა მედიასაშუალებების ეთერით ბევრჯერ მისაუბრია. თუ ეკონომიკის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და მეწარმეები ერთად არ დასხდნენ და არ იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ ეს დარგი - რა თქმა უნდა - თუ ეს სახელმწიფოს საერთოდ სჭირდება, ვერც ხალხს დავასაქმებთ და ვერც ქვეყნიდან მათ გადინებას შევაჩერებთ”, - აცხადებს მეწარმე.
როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან საქართველოში, საჯარო სკოლებში, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. განათლების მინისტრ გივი მიქანაძის თანახმად, ყოველწლიურად პროგრამას თითო კლასი დაემატება. 1 801 000 ერთეულ სასკოლო ფორმას 46 მილიონ ლარად შეკერავს მიმდინარე წლის მარტში დაფუძნებული ჩინური კომპანია Glory Industry Textile. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმების შესაკერად სამინისტროს ტენდერი არ გამოუცხადებია და ჩინურ კომპანია პირდაპირი შესყიდვის ფორმით, ბაზრის კვლევის საფუძველზე, შეირჩა. კონტრაქტის თანახმად, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტი, რომელიც ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან შედგება, 74.73 ლარი ღირს, ხოლო გოგოს კომპლექტი – პიჯაკი, შარვალი და კაბა – 76.02 ლარი. ჯერჯერობით, უცნობია, თავად მშობლებს რამდენად მოუწევს სასკოლო ფორმების ყიდვა. განათლების მინისტრის განმარტებით, სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები რეგიონებსა და ქალაქებში გაიხსნება, მშობლებს კი თავად სკოლები დაუკავშირდებიან.
კაბა 16 ლარად, პიჯაკი 35 ლარად, შარვალი 19 ლარად - რა ფასად შეკერავს ჩინური კომპანია ფორმების კომპლექტს
რატომ ვერ ჩაერთო პროცესში ადგილობრივი სამკერვალო ინდუსტრია, რა ბარიერების წინაშე დგანან ქართული სამკერვალო ფაბრიკები და აქვთ თუ არა მათ მომავალში მაინც მსგავსი ტენდერების ათვისების რესურსი? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სამკერვალო ფაბრიკა „ივერია ტექსის“ მფლობელმა დავით ბიძინაშვილმა “წერტილში” უპასუხა.
მჭიდრო ვადები: რატომ არ იაქტიურა ადგილობრივი ბიზნესმა?
როგორც დავით ბიძინაშვილი განმარტავს, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ბაზრის კვლევის გამოცხადების შესახებ ცნობილი იყო, თუმცა შეკვეთის მასშტაბმა და შესრულების არარეალურმა ვადებმა ქართულ კომპანიებს მონაწილეობის სურვილი დაუკარგა.
"პირველი ბაზრის კვლევის გამოცხადება და თემა ვიცოდით, საქმის კურსში ვიყავით. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: იმდენად დიდი თანხა და მასშტაბი იყო, ხოლო ვადები - მცირე, რომ ჩემს გარშემო მყოფი კომპანიებიდან მონაწილეობის მიღება არავინ ისურვა. ბევრმა უბრალოდ თავი შეიკავა. თორემ თავად ინიციატივა ძალიან კარგია. შარშან რომ დაწყებულიყო ეს პროცესი, უფრო მომზადებულები შევხვდებოდით, მაგრამ რადგან წელს წამოიჭრა, მომავალი წლისთვის როგორმე უნდა დავიწყოთ მზადება”, - აღნიშნა მან.
ტანსაცმლის ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ სცადა პროექტში მსხვილი თურქული მწარმოებლის შემოყვანა, თუმცა მკაცრი სატენდერო პირობების გამო (რაც ბოლო 3 წელში მინიმუმ 5-მილიონიან ანალოგიურ ბრუნვას გულისხმობდა) პარტნიორობა ჩაიშალა. შედეგად, შეკვეთა მარტში დაფუძნებულმა კომპანიამ (Glory Industry) აიღო, რომელმაც პარტნიორი ჩინეთში იპოვა.
დავით ბიძინაშვილი ხაზს უსვამს, რომ მოცემულ ოთხ თვეში მსგავსი მასშტაბის პროექტის შესრულება ნედლეულის დეფიციტის გამოც შეუძლებელი იყო:
„ელემენტარულად რომ მივუდგეთ: ერთი სახეობის ქსოვილი რომ გადავიანგარიშეთ, საჭირო იყო სადღაც 2.5 მილიონზე მეტი გრძივი მეტრი და 15 ტონამდე ჯემპრის ქსოვილი. გამორიცხულია, ეს რაოდენობა მზად სადმე იდოს, თუნდაც თურქეთში. ადგილობრივი კომპანიები ამას სასწრაფოდ ვერ შეასრულებდნენ და უზარმაზარ ჯარიმებში წავიდოდნენ”, - ხსნის სექტორის წარმომადგენელი.
სასკოლო ფორმების ხარისხი და ფასწარმოქმნა
ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო ფორმების ხარისხს და მათ თვითღირებულებას. განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას ვარაუდით, მშობლებს ფორმის შეძენა დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში მოუწევთ, ხელშეკრულების მიხედვით კი, ჩინური მხარე ერთ კომპლექტს 76 ლარად კერავს, თუმცა სამკერვალო დარგის წარმომადგენელს კითხვები უჩნდება როგორც ქსოვილის შემცველობაზე, ისე - მარჟებზე.
სკოლის ფორმები 72%-ის პოლიესტერისგან შეიკერება|₾46-მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან დაიდო
როგორც ცნობილია, მატერია, რომლისგანაც ფორმები შეიკერება ძირითადად სინთეტიკური იქნება, უფრო დეტალურად - პოლიესტერი 72%; ვისკოზა 25%; ელასტინი 3%.
„ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაც ვნახეთ, მე უფრო მეტი ნატურალური ბოჭკოს შემცველი ქსოვილისგან ვისურვებდი ამ ფორმების შეკერვას. არ მგონია, ევროკავშირში ბავშვებს 80%-იანი ხელოვნური (სინთეტიკური) ბოჭკოსგან შეკერილი ტანსაცმელი ჩააცვან.
რაც შეეხება ფასს, ხელშეკრულებაში ბოლომდე გარკვევით არ დევს, ეს 74-76 ლარი ჩინეთის ფასია თუ საქართველოში ჩამოტანილი და განბაჟებული. თუ ეს ჩინეთის ფასია და აქ 100 ლარად უნდა გაიყიდოს, მაშინ შუამავალი კომპანიისთვის ძალიან დიდი მარჟა რჩება”, - აღნიშნა მან.
დავით ბიძინაშვილის თქმით, ქართული ფაბრიკები მსგავსი შემცველობის ქსოვილისგან ბევრად რთულ, ზრდასრული მამაკაცის უნიფორმას (კიტელსა და შარვალს) 59 ლარზე ნაკლები თვითღირებულებით კერავენ. შესაბამისად, მისი აზრით, ფასის ნაწილში ქართული ბაზარი კონკურენტუნარიანია, პრობლემა მხოლოდ საწარმოო სიმძლავრეებშია.
„ნუ შეგვაჯიბრებთ ჩინეთს“ - რა ეფექტი ექნებოდა სამკერვალო ბიზნესზე ₾46 მილიონის ფორმების საქართველოში შეკერვას?
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და მასშტაბურ შესყიდვებს ადგილობრივ ინდუსტრიას მოახმარს, დარგი უმოკლეს დროში აყვავდება.
"სახელმწიფო შესყიდვებში - გინდა ძალოვანი სტრუქტურები იყოს და გინდა სხვა უწყებები - უამრავი უნიფორმები იკერება. თუ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლის ფორმები შეიკეროს საქართველოში, მაქსიმუმ ორ-სამ წელიწადში ჩვენი დარგი აყვავდება და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება”, - განაცხადა დავით ბიძინაშვილმა.
მისივე თქმით, ჩინეთთან მხოლოდ პირდაპირი ფასით კონკურენცია არასწორი მიდგომაა, რადგან ადგილობრივ წარმოებას ქვეყნისთვის სხვა ეკონომიკური სიკეთეები მოაქვს.
"ბევრჯერ უკითხავთ სახელმწიფო ორგანიზაციებში: “ჩინეთს აჯობებ ფასში?” ვერ ვაჯობებთ, მაგრამ სახელმწიფომ თავის ხალხზე და მომავალზეც ხომ უნდა იფიქროს?! იმ ხალხს რომ ხელფასს აძლევ, იმ ხელფასის ანარიცხები ხომ ისევ ბიუჯეტში ბრუნდება? ეკონომიკის სამინისტროში ბევრჯერ დაგვიმტკიცებია: ნუ შეგვაჯიბრებთ ჩინეთს, სახელმწიფომ თავად უნდა გადაწყვიტოს გარკვეული შეღავათების დაწესება ქართული საწარმოებისთვის”, - აღნიშნა “ივერია ტექსის” მფლობელმა.
დავით ბიძინაშვილი ასევე განმარტავს, რომ დღეს საქართველოში არსებული მსხვილი სამკერვალოები ძირითადად თურქული კაპიტალითაა შექმნილი, უცხოურ ბრენდებზე მუშაობენ (CMT მოდელით) და მათ 10-15 წლიანი მკაცრი კონტრაქტები აქვთ, რის გამოც შიდა ტენდერებით ვერ ინტერესდებიან. შესაბამისად, სახელმწიფო შეკვეთები საშუალო და მცირე ქართული ფაბრიკების გაძლიერების ერთადერთი გზაა”, - ამბობს დავით ბიძინაშვილი.
კადრების გადინება და რეალობა ტექსტილის სექტორში
“წერტილთან” ინტერვიუში ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენელმა სამკერვალო სექტორში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, დარგში მძიმე ტენდენციებია - სამუშაო ადგილები მცირდება, ფაბრიკები კი იკეტება. დავით ბიძინაშვილმა თავისი სამკერვალო ფაბრიკა “ივერია ტექსის” მაგალითზე თქვა, რომ თუ ადრე მის საწარმოში 100-ზე მეტი მკერავი მუშაობდა, დღეს მხოლოდ 20-ღა დარჩა. კვალიფიციური მუშა ხელი კი, ქვეყნიდან გარბის.
„დღეს ჩვენგან წასული მკერავები პოლონეთსა და საფრანგეთში მუშაობენ. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ იქაურ 1500 ევროს ურჩევნიათ საქართველოში გარანტირებული 1200 ლარი ჰქონდეთ, რომ საკუთარ ოჯახებთან იყვნენ. აი, ეს გარანტიაა საჭირო.
სახელმწიფოს ჰქონდა კარგი პროგრამები, ოჯახურ ბიზნესებს ხელს უწყობდა და ბევრმა შეიძინა საკერავი მანქანები, მაგრამ დღეს ჩვენს პროფესიულ ჯგუფებში რომ შემოხვიდეთ, ნახავთ, რამდენია გასაყიდი. ხალხმა 1500 დოლარად ნაყიდი მანქანები ვეღარ აამუშავა შეკვეთების არარსებობის გამო და ახლა 500-600 დოლარად იხვეწებიან მათ გაყიდვას. საქმე თუ არ არის, მარტო დანადგარის ჩუქებით დარგი ვერ განვითარდება”, - ამბობს ის.
სამკერვალო ინდუსტრიის რეკომენდაცია მთავრობას
სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიჩევენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთობლივ მუშაობაშია. დავით ბიძინაშვილი, რომელიც 40 წელზე მეტია ბიზნესშია, აღნიშნავს, რომ 6-7 წლის წინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჰქონდათ აქტიური მოლაპარაკებები ადგილობრივი წარმოებისთვის 10-15%-იანი საფასო შეღავათის დაწესებაზე, თუმცა რეფორმები ბიუროკრატიული კუთხით დასრულდა, შეღავათების თემა კი დაივიწყეს.
ქართული სამკერვალო ინდუსტრია განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს სთავაზობს ერთობლივი სამუშაო ფორმატის შექმნას, რათა მომავალი წლის სახელმწიფო შეკვეთები წინასწარ დაიგეგმოს და შესაბამისად, ათეულობით მილიონი ლარის შეკვეთა ადგილობრივ ბაზარზე დარჩეს.
სექტორის სურვილი და რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
• წინასწარი ინფორმირება და დროული დაგეგმვა: ტექსტილის ბიზნესი ითხოვს, რომ მომავალი წლის სასკოლო ფორმების შეკვეთის შესახებ გადაწყვეტილება და პირობები მათთვის წელსვე გახდეს ცნობილი, რათა ფაბრიკებმა ნედლეულის (ქსოვილების) დროულად ჩამოტანა და საწარმოო სიმძლავრეების მომზადება შეძლონ. • მასშტაბური შეკვეთების ლოტებად დაყოფა: ვინაიდან ცალკეულ ქართულ კომპანიებს არ აქვთ რესურსი 46-მილიონიანი გიგანტური შეკვეთა ერთპიროვნულად და მოკლე ვადებში შეასრულონ, ინდუსტრიის რეკომენდაციაა, ტენდერების მცირე და საშუალო მოცულობის ლოტებად დაყოფა. • ადგილობრივი წარმოებისთვის საფასო შეღავათები: სექტორი სახელმწიფოსგან ითხოვს ქართული პროდუქციისთვის 10-15%-იანი სატენდერო შეღავათის დაწესებას, რათა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლოს კონკურენცია გაუწიოს ჩინურ თუ სხვა იმპორტირებულ საქონელს. • გარანტირებული შესყიდვები დარგის გაძლიერებისთვის: მწარმოებლები ითხოვენ გრძელვადიან (მაგალითად, 3-4 წლიან) გარანტირებულ სახელმწიფო შეკვეთებს, რაც სამკერვალოებს გაფართოების, ახალი კადრების დასაქმებისა და ემიგრაციაში წასული მკერავების უკან დაბრუნების საშუალებას მისცემს.
"₾45-მილიონიანი კონტრაქტი ჩინეთიდან უნდა დაბრუნდეს" – რატომ უნდა შეიკეროს ფორმები საქართველოში?
BM.GE
წყარო: bm.ge