
Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგის ტყავის ქურთუკი აუქციონზე თითქმის $1 მილიონად გაიყიდა
Sotheby's-ის აუქციონზე Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ტყავის ქურთუკი 960 000 აშშ დოლარად გაიყიდა. აუქციონზე მიღწეული შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება ლოტის წინასწარ ფასს, რომელიც 40 000–60 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
Sotheby's-ის ინფორმაციით, აუქციონზე 65 ბიჯი დაიდო, ქურთუკისთვის ჯამში 45 კოლექციონერი იბრძოდა.
„ამ აუქციონზე გამოხმაურებამ ჩვენს ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა“, — აღნიშნეს Sotheby's-ში.
ტყავის ქურთუკი უკვე თითქმის 20 წელია ჯენსენ ჰუანგის იმიჯის განუყოფელი ნაწილია. Nvidia-ს ხელმძღვანელი საჯარო ღონისძიებებზე თითქმის ყოველთვის ტომ ფორდის შავ ტყავის ქურთუკს ატარებს, რომლის ფასიც 10 000 დოლარია.
აუქციონზე გაყიდული ქურთუკი ჰუანგს 2023 წელს, Foxconn-ის ღონისძიებაზე, ტაიბეიში ეცვა.
თავად ჰუანგიც ხშირად ხუმრობს საკუთარ სტილზე. 2016 წელს Reddit-ზე საკუთარ თავს მან „ტყავის ქურთუკიანი ბიჭი“ ("the guy in the leather jacket") უწოდა, 2023 წელს კი ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას აღნიშნა, რომ მის ჩაცმულობაზე მეუღლე და ქალიშვილი ზრუნავენ.
2024 წელს კომპიუტერული გრაფიკის კონფერენციაზე ჰუანგმა თავისი ერთ-ერთი ქურთუკი Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს აჩუქა. ცუკერბერგმა ის მაშინვე მოირგო და ხუმრობით აღნიშნა: „ეს ქურთუკი უფრო ძვირი ღირს, რადგან უკვე ნატარებია.“
Sotheby's-ის განცხადებით, აუქციონიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება ორგანიზაცია Edge Institute-ში, რომელიც ინოვაციების განვითარებას უწყობს ხელს. თანხა სტიპენდიებისა და საგრანტო პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.