
Palo Alto Networks-ის შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა
Palo Alto Networks-ის შემოსავალმა ფისკალურ მეოთხე კვარტალში, წლიური 34%-იანი ზრდის ფონზე, $3.41 მილიარდი შეადგინა და უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $3.35 მილიარდს გადააჭარბა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $254 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მისმა წმინდა მოგებამ $282 მილიონი შეადგინა. ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა ერთ აქციაზე დაკორექტირებულმა მოგებამაც, რომელმაც ნავარაუდევი $0.98-ის ნაცვლად $1.02 შეადგინა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებამ Palo Alto-ს მიერ წარმოებული კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკეშ არორას განცხადებით, კიბერთავდასხმების გახშირება მომხმარებლებს თავდაცვითი სისტემების გაძლიერებას აიძულებს. არორას თქმით, ეს ტენდენცია ბიზნესის გრძელვადიანი ზრდის საფუძველია. გაზრდილი ინტერესისა და Anthropic-ის ახალი მოდელის, Mythos-ის გამოჩენის ფონზე კი Palo Alto Networks-მა კლიენტებთან 2,000-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შედარებისთვის, წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,200-ს აღწევდა.
რაც შეეხება ფინანსურ პროგნოზს, კომპანიის ხელმძღვანელობას ოპტიმისტური მოლოდინები აქვს. მიმდინარე პირველ კვარტალში კომპანია $3.30-$3.31 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $3.22 მილიარდს აჭარბებს. მთლიანი ფისკალური წლისთვის კი კომპანიამ შემოსავლის საპროგნოზო მოცულობა $14.10-$14.20 მილიარდის ფარგლებში განსაზღვრა, ხოლო ერთ აქციაზე დაკორექტირებული მოგება $4.16-$4.19-მდე გაზარდა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის აგენტების განვითარებამ და ისეთმა კიბერინციდენტებმა, როგორიცაა OpenAI-ს მიერ Hugging Face-ის სისტემებზე თავდასხმა, კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge