პაპუაშვილი რუსეთისგან ქართული ღვინის კომპანიების მიმართ პრაგმატულ და სამართლიან მიდგომას ელოდება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ღვინის ქართული კომპანიების მიმართ რუსული მხარის პრეტენზიები უსაფუძვლოა და მოსკოვისგან პრაგმატულ დამოკიდებულებას მოელის. ამასთან, პაპუაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მიმართ ისეთივე მიდგომა აქვს, როგორიც ბრიუსელთან ურთიერთობისას და ორივე შემთხვევაში ეს მიდგომა სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს.
„ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა. რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. თუკი არის წამოყენებული პრეტენზიები, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხიც უნდა იყოს სამართლიანი.
ღვინოსთან დაკავშირებით განმარტა სპეციალურმა წარმომადგენელმაც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ წარმოდგენილი პრეტენზიები - ეს არის უსაფუძვლო საბაბი საქართველოს მიმართ და აქედან გამომდინარე, ეს არის უსამართლო. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც ამას ეფუძნება, რომ როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა სულ ახლახანს - გუშინ, თუ არ ვცდები, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს, სწორედ ეს არის - ჩვენც მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და უპირველეს ყოვლისა, მოველით იმას, რომ ეს ურთიერთობები თუ ეს დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე.
ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ყველას მიმართ. ალბათ, მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის, მისი ხელმძღვანელობისთვის, რომ აკვირდებიან ისინი ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას, თუ რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ... ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება, მათ შორის - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის მიერ მიხეილ გალუზინთან შეხვედრის შეფასებას მოჰყვა.
როგორც ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას მას ქართული კომპანიებისთვის დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ამის ნაცვლად შეიტყო, რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს 19 ნოემბერს მინსკში შეხვდა.
