
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა
პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ წარადგინა.
სების ანგარიში ტრადიციულად მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის დეტალურ მიმოხილვას, ისევე როგორც უწყების აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ფასების სტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკა
ნათია თურნავამ მოხსენებაში ის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა, რომლებითაც სები 2025 წელს ხელმძღვანელობდა. მან გამოსვლა უწყების მთავარ ამოცანაზე ფასების სტაბილურობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ გასულ წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა. ამასთან, მისივე თქმით, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, მათ შორის საბაზო და მომსახურების ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდა.
„მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენისა, ინფლაციური მოლოდინები მართვადია, რასაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე ვითარების საპასუხოდ, 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით — 8.25%-მდე გავზარდეთ, რათა მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკების ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს“, — განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკური ზრდა და საერთაშორისო რეზერვები
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მაკროეკონომიკური მდგრადობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზეც და აღნიშნა, რომ მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს.
თურნავას მიერ წარდგენილი მონაცემებით, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა ისტორიულად დაბალ დონემდე — 2.6%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და მშპ-ის 4.4% შეადგინა.