"პენსიონერი პურის ყიდვისას დღგ-ს იხდის და რატომ არ უნდა გადაიხადოს სხვა პირმა TEMU-დან გამოწერისას?!|ანალიზი
BM.GE|bm.ge
„პენსიონერი მაღაზიაში პურის ყიდვისას დღგ-ს იხდის და რატომ არ უნდა დაიბეგროს სხვა პირი რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთს იწერს TEMU-დან?!" - ეს რიტორიკული კითხვა იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა და ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დასვა, სადაც ინტერვიუს თემა განბაჟების 300-ლარიანი ზღვარის შესაძლო გაუქმება და საერთაშორისო ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმების საქართველოში საქმიანობის დაბეგვრის ფორმები იყო.
საქმე ის არის, რომ ქართული საცალო და ელექტრონული კომერციის სექტორი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. გლობალური ონლაინ-გიგანტების, მათ შორის ჩინური TEMU-სა და სხვების ექსპანსიამ ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეები დილემის წინაშე ჩააყენა. დღეს ადგილობრივი ბიზნესი სულ უფრო ხმამაღლა ითხოვს სახელმწიფოსგან თანაბარ საგადასახადო პირობებსა და საფოსტო გზავნილების განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაუქმებას. მომხმარებლები კი, პირიქით, ამ ლიმიტის შენარჩუნებას ან გაზრდას უჭერენ მხარს.
ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა ზურაბ ძნელაშვილმა ვრცლად ისაუბრა და დეტალურად განმარტა 300-ლარიანი ლიმიტის ისტორიული დანიშნულება და უცხოური და ადგილობრივი ბიზნესის არათანაბარი პირობები.
მისი აზრით, ოპტიმალური გამოსავალი არა - განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის მხოლოდ გაუქმება, არამედ პარალელურად მისი გარდაქმნაა ადმინისტრირების განსხვავებულ მექანიზმად.
რა არის განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის რეალური დანიშნულება და მიზანი?
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ 300-ლარიანი ლიმიტი სპეციალურად მოქალაქეების წასახალისებლად და მათზე ზრუნვის მიზნით დაწესდა, თუმცა ზურაბ ძნელაშვილი ირწმუნება, რომ ეს პრინციპი საერთაშორისო პრაქტიკიდანაა გადმოღებული და მისი მიზანი ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიანად გამოყენებაა.
როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 300 ლარამდე ღირებულებისა და 30 კილოგრამამდე წონის საფოსტო გზავნილის იმპორტი პირადი მოხმარებისთვის თავისუფლდება როგორც დღგ-სგან, ისე - იმპორტის გადასახადისგან.
როგორც საგადასახადო კონსულტანტი განმარტავს, ეს არის „დე მინიმისის“ (de minimis) პრინციპი, რომლის მიზანიც არა - ბიზნესის ან მომხმარებლის წახალისება, არამედ სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციაა. [de minimis-ის პრინციპი მოდის ძველი ლათინური იურიდიული ფრაზიდან: „De minimis non curat lex“, რომლის ქართული შინაარსიც ასეთია: „კანონი წვრილმანებზე არ ზრუნავს“].
„განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი ქართველების მოგონილი არ არის. ეს პრინციპი ყველა ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ევროკავშირში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ეს ლიმიტი საქართველოშიც ძალიან ბევრი წელია არსებობს. ეს არ არის გადასახადის გადამხდელისთვის დაწესებული შეღავათი.
„დე მინიმისის“ პრინციპის დანიშნულება საბაჟო ორგანოს და ზოგადად სისტემის განტვირთვაა საბაჟო ორგანოების და ზოგადად, სისტემის განტვირთაა საბაჟო ფორმალობებისგან. მიზანი ისაა, რომ წვრილმან, დაბალი ღირებულების საქონელზე იმაზე მეტი ადმინისტრაციული რესურსი არ დაიხარჯოს, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებდა შემოსავალს. მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლება დააწესო გადასახადი, რომლის ამოღებაც იმაზე ძვირი დაგიჯდება, ვიდრე თავად ეს გადასახადია“, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
არათანაბარი თამაშის წესები: დისკრიმინაციული გარემო ადგილობრივი ბიზნესისთვის
მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული საცალო და ელექტრონული კომერციის სექტორი სახელმწიფოსგან ადგილობრივი და ონლაინ-პლატფორმების თანაბარ საგადასახადო გარემოში ჩაყენებას და 300-ლარიანი ზღვრის გაუქმებას ითხოვს, არის ის, რომ ონლაინ-ვაჭრობის გლობალურმა განვითარებამ საფოსტო გზავნილებს მასიური და ორგანიზებული ხასიათი მისცა.
„TEMU-მ და სხვა სავაჭრო პლატფორმებმაც საქართველოს ბიუჯეტში გადაიხადონ დღგ-სა და იმპორტის გადასახადი“ - ასეთია დღეს ადგილობრივი ბიზნესის მოთხოვნა. საქმე ის არის, რომ თუ ადგილობრივი ბიზნესი (იქნება ეს ფიზიკური მაღაზია თუ ქართული ონლაინ-პლატფორმა) იხდის ყველა გადასახადს - დღგ-ს, იმპორტის გადასახადს, საშემოსავლოს, მოგებასა და ქონების გადასახადებს, უცხოური პლატფორმები საქართველოში საქონელს ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე ყიდიან.
"TEMU-ს ეფექტი": განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი გაუქმდება?|რას ითხოვს მთავრობისგან ადგილობრივი ბიზნესი
ზურაბ ძნელაშვილსაც მიაჩნია, რომ ეს არის არა - თავისუფალი კონკურენცია, არამედ - დისკრიმინაცია.
„რატომ აღმოაჩინა საზოგადოებამ, რომ უცხოური პლატფორმებიდან გამოწერა ბევრად იაფია, ვიდრე ნივთის ადგილზე ყიდვა?! იმიტომ, რომ ქართული ბიზნესი ყველა საგადასახადო ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. ამ დროს კი, უცხოელი მეწარმეები საქართველოში ყიდიან პროდუქციას და ბიუჯეტში საერთოდ არაფერს იხდიან“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ნამდვილი კონკურენცია ბაზარზე მხოლოდ მაშინ იარსებებს, როდესაც თამაშის წესები ყველასთვის ერთი იქნება:
„ეს რეალურად დისკრიმინაციული მიდგომაა და აქ კონკურენცია არაფერ შუაშია. კონკურენცია ბაზარზე მაშინ გვაქვს, როდესაც ყველა სუბიექტის მიმართ თანაბარი პირობები და თანაბარი მიდგომა არსებობს. აი, თუ მათ მიმართაც თანაბარი მიდგომა გვექნება და ამის შემდეგ უცხოური პროდუქტი უფრო იაფი აღმოჩნდება, მომხმარებელი, ბუნებრივია, მას აირჩევს - ეს უკვე ნამდვილი კონკურენცია იქნება“, - აღნიშნა ზურაბ ძნელაშვილმა და თავისი არგუმენტის გასამყარებლად ყოველდღიური მაგალითიც მოიყვანა:
„პენსიონერი, როდესაც მაღაზიაში შედის და პურს ყიდულობს, ამ პურში დღგ-ს იხდის. ამ დროს კი, თურმე ვიღაცა საერთაშორისო ონლაინპლატფორმაზე მობილურის ბუდეს ან დამცავ ფირს რომ ყიდულობს, იმაზეა პროტესტი - დღგ-ს რატომ ვახდევინებთო. როგორ შეიძლება ორი სხვადასხვა მოქალაქე, ერთსა და იმავე ნივთში, მხოლოდ იმის მიხედვით, თუ სად იყიდა იგი, გადასახადს ასე განსხვავებულად იხდიდეს ან საერთოდ არ იხდიდეს?!“ - რიტორიკულ კითხვას სვამს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.
გამოსავალი: "არა მხოლოდ შეღავათის გაუქმება, არამედ პარალელურად 300-ლარიანი შეღავათის გარდაქმნა"
მართალია, ადგილობრივი ასოციაციების ნაწილი 300-ლარიანი ლიმიტის სრულ გაუქმებას ითხოვს, თუმცა ზურაბ ძნელაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამის გაკეთება შეცდომა იქნება.
მისი აზრით, ლიმიტის მხოლოდ გაუქმება გამოიწვევს საბაჟოზე ბიუროკრატიის ზრდას და მომხმარებლისთვის ადმინისტრაციული ტვირთის დაკისრებას (დეკლარირება, სასაქონლო კოდების დადგენა, ღირებულების დადგენა და ა.შ.).
უფრო კონკრეტულად, რა არის ალტერნატივა? - ზურაბ ძნელაშვილის აზრით, პარალელურად უნდა დაინერგოს საერთაშორისოდ მიღებული მოდელი, რომელიც წარმატებით მუშაობს ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში:
300 ლარის ზემოთ: ძალაში რჩება იმპორტის სტანდარტული დეკლარირების და გადახდის წესი.
300 ლარის ქვემოთ: გადასახადის შეგროვების, დეკლარირების და ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება საზღვრიდან გადადის საქონლის შეძენის ეტაპზე და უშუალოდ საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმებზე (მაგ. TEMU, Shein და სხვ.).
"თუ ამანათის ღირებულება 300 ლარზე ნაკლები იქნება, ასეთ შემთხვევაში მისი იმპორტის გადასახდელების გადახდის ანუ ამ გადასახადების ადმინისტრირებისა და შეგროვების ფუნქცია საერთაშორისო ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმებზე უნდა გადავიტანოთ; როდესაც მოხდება პროდუქტის შერჩევა, გამოწერა და თანხის გადახდა, ამ თანხაში უკვე უნდა შედიოდეს დღგ და იქვე, ამავე საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს მისი მოგროვება“, - განმარტა მან.
ზურაბ ძნელაშვილის თქმით, ეს პრაქტიკა საქართველოსთვის უცხო არ არის: „ქვეყანამ მსგავსი მოდელი უკვე წარმატებით გამოიყენა ციფრული მომსახურების სფეროში (მაგალითად, Meta/Facebook და Google/YouTube-ის რეკლამების დაბეგვრისას), როდესაც დღგ-ის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება უშუალოდ ამ გიგანტებს დაეკისრათ“.
როგორია ევროპული პრაქტიკა და საით მიდის მსოფლიო?
იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ონლაინ-პლატფორმების მიერ გადასახადების ადმინისტრირება არ არის ქართული ნოუ-ჰაუ - ეს უკვე გლობალური ტენდენციაა.
მან არგუმენტად მოიშველია ევროკავშირის გადაწყვეტილება - 2021 წელს EU-მ გააუქმა დღგ-ის 22-ევროიანი შეღავათის ზღვარი, ხოლო 2028 წლიდან ხდება იმპორტის გადასახადის 150-ევროიანი შეღავათის ზღვრის გაუქმებაც, რათა დაიცვას შიდა ბაზარი მესამე ქვეყნებიდან შემოსული იაფი, დაუბეგრავი პროდუქციის მოზღვავებისგან.
„ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არსებობს, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ყველა გადადის ამ მოდელზე. ადმინისტრირების ამ გზაზე უკვე გადასულია მთელი ევროპა, რომელსაც ამ ონლაინ-პლატფორმებზე გადააქვს ადმინისტრირების ტვირთი. ეს პლატფორმები თავად ანგარიშობენ და იღებენ დღგ-ს თანხას მომხმარებლისგან checkout-ისას (შეკვეთის გაფორმებისა და გადახდის საბოლოო ეტაპზე), ამის შემდეგ კი კვარტალურად აბარებენ დეკლარაციას და მომხმარებლებისგან მიღებულ დღგ-ს თანხებს რიცხავენ ქვეყნის ბიუჯეტში“, - დასძენს საგადასახადო კონსულტანტი.