
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
ფორმულა 1-ში ასპარეზობამდე ყველა დიდი ჩემპიონის ისტორია პატარა ნაბიჯიდან იწყება. ახალგაზრდა მრბოლელები გრძელ და ურთულეს გზას გადიან, სადაც რამდენიმე სარბოლო სერია ხვდებათ. ერთ-ერთი მათგანია ფორმულა 4, რომელიც სპორტსმენს პირველად აზიარებს ღია ბორბლების სპეციფიკას.კარტინგის პერიოდის შემდეგ სწორედ აქ იწერება ისტორიის პირველი თავი. სწორედ აქ ხვდება ნიჭი სიჩქარეს და შეცდომები იქცევა ხოლმე გამოცდილებად. სანამ მრბოლელები ფორმულა 1-ის სცენაზე გავლენ, მანამდე ისინი სწორედ დაბალ სერიებში სწავლობენ გამარჯვებას, მარცხთან გამკლავებას და იმას, თუ რას ნიშნავს ნამდვილი შეჯიბრება.ფორმულა 4-ის ჩემპიონატი ბევრ ქვეყანაში გვხვდება, თუმცა ვარსკვლავების სამჭედლოდ იტალიური და ბრიტანული ვერსიები მიიჩნევა. სწორედ ამ ჩემპიონატებიდან მოვიდნენ სამეფო რბოლებში ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლანდო ნორისი, ისაკ ჰაჯარი და კიმი ანტონელი. იმედია, ერთ დღეს კობახიძესაც ამ გვარებთან ერთად ვახსენებთ, თუმცა სანამ ეს მოხდება, მოდი, გავიხსენოთ, როგორ მივიდა ქართველი ბრიტანულ ფორმულა 4-ამდე.
მათე კობახიძემ კარიერა 2020 წელს დაიწყო. მან თავის პირველ წარმატებას ათი წლის ასაკში მიაღწია, როდესაც 2021 წელს კარტინგის მინიკლასში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო - 2022 წელს მათემ ამ ტურნირში მიჯრით მეორედ გაიმარჯვა. ასევე ჰქონდა წარმატებული გამოსვლა გრანდ ფინალზე, ბაჰრეინსა და პორტუგალიაში.2023 წელს კობახიძე ბალტიის ქვეყნებში ატარებს რამდენიმე რბოლას ჯუნიორკლასში, რაც გამოცდილების აკრეფაში ძალიან ეხმარება.ერთი წლის შემდეგ გენკის ლეგენდარულ ტრასაზე მათემ ტესტები ჩაატარა, რომელთა შედეგებითაც ის „დენ ჰოლანდ რესინგში“ მოხვდა. სწორედ აქედან დაიწყო მან თავისი შესაძლებლობების ფართოდ ჩვენება.
2025 წელს, ჯამში, მათემ ხუთ დიდ ტურნირში მიიღო მონაწილეობა:გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ბენილუქსის ქვეყნების ჩემპიონატი, საერთაშორისო თასი და ამერიკის თასი. ამ უკანასკნელზე პირველად ჩასულმა ბიჭმა ორი რბოლის მოგება მოახერხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასევე იყო ზამთრის თასი იტალიაში, სადაც წვიმიან „ვიტერმოს“ ტრასაზე მან პოულის მოგება მოახერხა. ეს წელი ქართველის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი გამოდგა.ჩეხეთში, „სთილ რინგზე“ წვიმაში მოგებული რბოლა, ასევე გამარჯვება „ლემანზე“ 72 მონაწილეს შორის, ნეაპოლში გამარჯვება გრანდ ფესტივალის ფინალში და ტოპ 5-ში მოხვედრა ევროპის ჩემპიონატის ცხრილში. ეს იმდენად დიდი წარმატება გახლდათ, რომ კობახიძეზე ბრიტანულმა ინტერნეტგამოცემებმა დაიწყეს წერა. სწორედ ამ გამოსვლების შემდეგ მიიღო ქართველმა მოწვევა ფ4-ის ტესტებზე. სატესტო დღეები „სნეტერტონის“ ტრასაზე გაიმართა, სადაც ერთ დროს აირტონ სენა დგამდა თავის პირველ სარბოლო ნაბიჯებს. ცხადია, მათესგან არავინ ელოდა წრის რეკორდს, თუმცა მისი წრეები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უმალვე მის ნატურალურ შეგრძნებებსა და სწრაფ ადაპტირებას გაუსვეს ხაზი. კობახიძემ იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, რომ კონტრაქტმაც არ დაახანა - ის ბრიტანულ ფორმულა 4-ში მოხვდა!„რაც უფრო მეტს ვშრომობ, მით უფრო მეტად მიმართლებს, უფრო იღბლიანი ვხდები“ - მათე კობახიძე
მათე კობახიძის მონაწილეობა ბრიტანულ ფორმულა 4-ში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ქვეყნის გეოგრაფიულად აღქმის მიღმა, ის მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რამდენად დიდი მიზანი შეიძლება ჰქონდეს პატარა ქვეყნის შვილს.
კობახიძე დღეს იმ ნისლიან გზას გადის, რომლის ბოლოშიც წარმატება მზის სხივების სახით ჩანს. ამ მოგზაურობაში ის ყველა ქართველის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას გრძნობს - განსაკუთრებით კი Lion Trans-ის, რომელმაც კარტინგის ტრასაზე ნანახი დაიჯერა, ირწმუნა მისი შესაძლებლობების და ამ მნიშვნელოვანი გზის დასაწყისიდანვე ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მისი განვითარების გზაზე საიმედო თანამგზავრი გამხდარიყო.
როდესაც ახალგაზრდა სპორტსმენს ძლიერი პარტნიორი ჰყავს, მიზნები უფრო რეალური ხდება. Lion Trans სწორედ ასეთი პარტნიორია.
ზუსტად ამ ხედვის ნაწილია მათე კობახიძესთან თანამშრომლობაც. ახალგაზრდა ქართველის მხარდაჭერით Lion Trans ხელს უწყობს ქართული ავტოსპორტის განვითარებას და ყველას აჩვენებს, რომ ბიზნესს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი თაობის წარმატებაში.
ეს პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება - მიზანდასახულობას, შრომას, მუდმივ განვითარებასა და გამარჯვების სურვილს. Lion Trans ამ გზაზე მხოლოდ სპონსორი კი არა, სანდო პარტნიორია, რომელსაც სჯერა, რომ დიდი წარმატებები სწორედ ასეთი მხარდაჭერით იწყება.
Lion Trans-ისა და მათე კობახიძის მოგზაურობა ბრიტანულ ფორმულა 4-ში 18 აპრილს, „დონინქტონ პარკზე“ დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ქართველისთვის ყველაფერი უცხო და ახალი იყო, მან მაინც მოახერხა და პირველი ეტაპის სამივე რბოლა დაასრულა. ეს იყო მთავარი ამოცანა „ბრძოლის ველზე“, რათა მას ამ დისციპლინის სპეციფიკა დებიუტშივე ზედმიწევნით შეესწავლა.15 წლის კობახიძემ უკვე სეზონის ნახევარი გაიარა და რა გასაკვირია, რომ გზად უიღბლობები, ტექნიკის გაუმართაობა და შეცდომებიც შემოხვდა. თუმცა ნათქვამია, რომ შტორმის დროს მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ გადარჩენა. ამის გარეშე ვერ იქნებოდა ის ლამაზი გასწრებები, რომლებიც მათემ „სნეტერტონსა“ თუ „სილვერსტოუნზე“ გვაჩვენა. ვერ იქნებოდა სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებმაც მას აბსოლუტკლასში ქულები მოუტანა და რაც მთავარია, „ბრენდს ჰეჩზე“ დაწერილი ქართული პოდიუმის ისტორია - მესამე ადგილი ახალბედებს შორის და დამსახურებული აღიარება.
სეზონის პირველ ნახევარზე, მათე კობახიძის პროგრესზე, მის ძლიერ მხარეებსა და მომავალ პერსპექტივებზე ფორმულა 1-ის კომენტატორმა პაატა პაპიაშვილმა ისაუბრა. როგორ შეაფასებთ მათე კობახიძის პირველ ნახევარს?
ცხადია, დადებითად. მათემ ის საჭირო უნარ-ჩვევები დაანახა მსოფლიოს, რომელიც მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა. ამას დაემატა პოდიუმი და თასი, რომლის აღებასაც ყველაზე ნაკლებად მისგან ელოდნენ, რადგან, დღეს თუ ვინმეა იქ რეალურად დებიუტანტი, ეს სწორედ კობახიძეა.
რა გამოარჩევს მას სხვა ახალგაზრდა მრბოლელებისგან?
მიზანდასახულობა და ხასიათი! შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რომ ბრიტანულ ფორმულა 4-ში ბევრი ნიჭიერი მრბოლელია, მაგრამ მერწმუნეთ, არავის აქვს მათეს მსგავსი ხასიათი!როცა მას პირველად შევხვდი, შეგრძნება მქონდა, რომ ზრდასრულ ადამიანს ვესაუბრებოდი. გათავისებული აქვს, რომ წარმატებას არ აინტერესებს სიცივე, დაღლა და ა.შ. ყველა შესაძლებლობას უყურებს, როგორც ბოლო შანსს.
რამდენად რეალურია მომავალში უფრო მაღალ სერიებში გადასვლა?
სავსებით რეალურია. ავტოსპორტი არ არის ფეხბურთივით, სადაც აუცილებელია ქვედა დივიზიონი მოიგო იმისთვის, რომ უფრო მაღალი დონის დივიზიონში გადახვიდე. მთავარია, აჩვენო, რა შეგიძლია, მით უმეტეს, ბრიტანულ ფორმულა 4-ში, რომლის ყოველ ეტაპსაც ისეთი ტოპ გუნდების სკაუტები სტუმრობენ, როგორებიც არიან „მაკლარენი“, „მერსედესი“ და „უილიამსი“.
რას ელოდებით სეზონის მეორე ნახევრისგან?
იმას, რაც მათემ ზანდვორტის ტრასაზე გვაჩვენა. ზრდასა და პროგრესს, რომელიც განვლილმა ეტაპებმა მოუტანა. მათემ ზუსტად იცის, ვინ არის და საით მიდის. ასე რომ, საერთოდ არ ვნერვიულობ მის წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონს ისე ჩაამთავრებს, რომ მომავალ წელს მისგან კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ვიხილავთ.
BM.GE
წყარო: bm.ge