
Plus-ის დაბადების დღეზე მომხმარებლებმა ფასდაკლების სახით ₾30 მილიონის სარგებელი მიიღეს - "საქართველოს ბანკი"
Plus-ის დაბადების დღეზე მომხმარებლებმა ფასდაკლების სახით დაახლოებით ₾30 მილიონის სარგებელი მიიღეს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კობახიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, წლევანდელი კამპანია გასული წლის შედეგებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. სპეციალური შეთავაზებებით მოსარგებლე მომხმარებლების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ამავე მოცულობით მოიმატა ტრანზაქციების რაოდენობამაც.
"ძალიან მაღალი აქტივობა იყო და ნამდვილად უკეთესი შედეგი იყო, ვიდრე გასულ წელს. მომხმარებლების რაოდენობაში, ვინც სპეციალური შეთავაზებები გამოიყენა, 20%-იანი ზრდა გვაქვს, ასევე 20%-ით გაიზარდა ჯამური ტრანზაქციებიც", - განაცხადა ლევან კობახიძემ.
მისივე თქმით, წლევანდელ კამპანიაში 500-ზე მეტი პარტნიორი კომპანია მონაწილეობდა, სადაც მომხმარებლებს პროდუქციისა და მომსახურების შეძენა 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლოთ.
"მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ ამ დღეს და ეს დღე ნამდვილად მასშტაბურია. Black Friday-სთან შედარებითაც კი შეიძლება თამამად ითქვას, რომ მასშტაბებით მას აჭარბებს. ჩვენი პარტნიორი ბიზნესების გაყიდვები ამ დღეს დაახლოებით ორჯერ და სამჯერ აღემატება Black Friday-ის მსგავსი სპეციალური დღეების შედეგებს.
წელს კამპანიით 120 000-მა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა, ჯამურად კი 200 000-ზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა. ჯამური ფასდაკლება, ანუ სარგებელი, რომელიც მომხმარებელმა ფასდაკლების სახით მიიღო, დაახლოებით 30 მილიონი ლარი იყო", – განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, Plus-ის პროგრამა მომხმარებლებისთვის მხოლოდ 5 ივლისით არ შემოიფარგლება და მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შეთავაზებას აერთიანებს.
"მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა წლის განმავლობაში ადევნოს თვალი ჩვენს შეთავაზებებს. არის აქციები, სადაც შესაძლებელია გაორმაგებული ან გაათმაგებული Plus ქულების დაგროვება. გარდა 5 ივლისისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ქულების გამოყენება სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებში – ბენზინგასამართ სადგურებში, ფარმაციაში, მარკეტებში, გამოძახების სერვისებსა და სხვა პარტნიორ ობიექტებში", - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, პროგრამა ბიზნესებისთვისაც მნიშვნელოვანი მარკეტინგული ინსტრუმენტია. „პირველ რიგში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მთავარი ინტერესი გაყიდვების ზრდაა. ამასთან ერთად, Plus ხელს უწყობს მათი ცნობადობის ამაღლებასაც, რადგან ბევრ მომხმარებელს კონკრეტულ ბიზნესთან პირველი შეხება სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში აქვს. თუ ბიზნესს სურვილი აქვს, სისტემაში ჩაერთოს, შეუძლია გახდეს ჩვენი პარტნიორი, გაზარდოს გაყიდვები და საკუთარი ბრენდის ცნობადობაც“, – განაცხადა ლევან კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge