
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო. 145-ადგილიანი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში შვიდი პარტია მონაწილეობს, რომლებიც, ყველა შემთხვევაში, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ არჩევნებში პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტია „ადილეთი“ დამაჯერებელ უმრავლესობას მოიპოვებს, თუმცა, პარლამენტში ასევე მოხვდება რამდენიმე მცირე პარტია, რომლებიც თოყაევის ხელისუფლებისადმი ლოიალურები არიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ყაზახეთშიც სტაბილურად მცირდება პოლიტიკური კონკურენციის რეალური სივრცე. არჩევნების მონიტორინგის წესების თანახმად, ადგილობრივ არასამთავრობო ჯგუფებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იღებენ უცხოურ დაფინანსებას, არ შეუძლიათ არჩევნებზე დაკვირვება.
თუმცა, ხელისუფლების თქმით, აკრედიტებულია 777 უცხოელი დამკვირვებელი, რომელთაგან ბევრი წარმოადგენს რეგიონულ ორგანიზაციებს, მათ შორის "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას" (დსთ) და "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას". პარალელურად, პროცესს აკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR).
გარდა ამისა, კენჭისყრა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით, ივლისის შუა რიცხვებიდან ხუთი ცნობილი ჟურნალისტი დააპატიმრეს ან გაასამართლეს, ხოლო კიდევ ორი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. რამდენიმეს ასევე აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა.
ყაზახეთის ცესკო წინასწარ შედეგებს ხვალ, 24 აგვისტოს გამოაქვეყნებს, საბოლოო შედეგები კი შვიდი დღის ვადაში გახდება ცნობილი. ამის პარალელურად, 24 აგვისტოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) თავის წინასწარ დასკვნებს წარადგენს.
ცნობისთვის
მიმდინარე წლის მარტში, ყაზახეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დამტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანით შეიცვალა. აღნიშნულის გამო, ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნა. ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში 2023 წელს ჩატარდა.
ყაზახეთის საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის პარტიას 70.2%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც მას ტოყაევის ხელისუფლებაში ყოფნის კიდევ უფრო განმტკიცების საშუალებას აძლევს.
ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით ასევე თავიდან განისაზღვრა საპრეზიდენტო ვადების ათვლა, რაც თოყაევს შესაძლებლობას აძლევს, 2029 წელს პრეზიდენტობისთვის ხელახლა იყაროს კენჭი.
73 წლის თოყაევი ნურსულთან ნაზარბაევის მიერ შერჩეული მემკვიდრე იყო. ნაზარბაევი ქვეყანას 1990-იანი წლებიდან თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა. 2019 წელს ნაზარბაევი თოყაევმა შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და მსოფლიო ნავთობის დღიური მიწოდების დაახლოებით 2%-ს უზრუნველყოფს. ნავთობის უმეტესი ნაწილი ევროპულ ქვეყნებში გადის და მისი ექსპორტი ძირითადად კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით ხორციელდება. ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა რუსეთსა და დასავლეთს შორის ფრთხილი ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს.
BM.GE
წყარო: bm.ge