
პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მედიკამენტები ევროპულმა ჩაანაცვლა - ასოციაცია ფასებზე განცხადებას ავრცელებს
პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში წარმოებული მედიკამენტები ევროპულმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ.
გაერთიანება სოციალური ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც თითქოს ფარმაცევტული კომპანიები და სააფთიაქო ქსელები შედარებით „დაბალფასიანი" პრეპარატების დეფიციტს, უფრო ძვირად ღირებული ალტერნატივის რეალიზაციის მიზნით ხელოვნურად ქმნიან. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
კერძოდ, ასოციაცია აცხადებს, რომ გარკვეულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების ცვლილება გასული წლის ოქტომბრიდან ამოქმედებულ GMP სტანდარტს ეხება.
"მედიკამენტებს, რომლებიც ძირითადად ჩვენი მეზობელი, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მწარმოებლების მიერ არის წარმოებული, შეუჩერდათ სახელმწიფო რეგისტრაცია და მათი საქართველოში იმპორტი ვერ განხორციელდება, მოქმედი GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთანავე, გვსურს განვმარტოთ, რომ თუ მწარმოებელი კომპანიები შეძლებენ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას, მედიკამენტების რეგისტრაცია განახლდება და დისტრიბუტორები შეძლებენ ამ პრეპარატების იმპორტის განხორციელებას. აღნიშნული პროდუქტების ნაცვლად ბაზარზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების ალტერნატივები, რომელთა ფასებიც განსხვავებულია. შესაბამისად, პროდუქციის ფასებს შორის სხვაობა არ უკავშირდება ფარმაცევტული კომპანიებისა თუ სააფთიაქო ქსელების მიერ ხელოვნური დეფიციტის შექმნას, ხოლო ამგვარი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.
მოვუწოდებთ ინფორმაციის გამავრცელებლებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, შეცდომაში შემყვანი და ფარმაცევტული კომპანიების იმიჯის შემლახავი ფაქტების გავრცელებისგან", - წერია განცხადებაში.
როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ასოციაციის ხელმძღვანელმა ილონა კაკიაშვილმა განმარტა, საუბარია ძირითადად ბელარუსიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან სამკურნალო საშუალებების იმპორტზე.
"ფიზიკურად ვერ მოხერხდება იმპორტი, თუ მწარმოებელს არ შეუძლია საერთაშორისო სტანდარტის GMP-ის წარმოდგენა... იმპორტი შემცირებული კი არა, ფიზიკურად არ იქნება, გარდა რაღაცებისა, ეს შეიძლება იყოს ტესტები და ა.შ", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სტანდარტის ეფექტი ნელ-ნელა უფრო იგრძნობა, ვინაიდან მანამდე კომპანიებმა წინასწარ იმპორტით მარაგები შექმნეს, ახლა კი აღნიშნული ნაშთები იწურება, შესაბამისად, საჭიროა მათი ანალოგების სხვა ქვეყნებიდან შემოტანა და ეს ქვეყნები მისივე თქმით, ძირითადად ევროპული სახელმწიფოებია.
“აქამდე ნაშთი იყო, ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ 1 ოქტომბრიდან ამოქმედდებოდა, ამიტომ გარკვეულწილად [მედიკამენტები წინასწარ] შემოიტანეს, მაგრამ იმას ხომ ვადა აქვს, 5 და 10 წლის მარაგს ფიზიკურად ვერ შემოიტანდნენ. თუმცა, ანალოგები არის ქვეყანაში. მედიკამენტი ანალოგის გარეშე არ არის დარჩენილი”, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მედიკამენტების სახეობას, რომელზეც არის ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იმპორტი შეჩერებული, ილონა კოკიაშვილის თქმით, საუბარია ყველა მიმართულების მედიკამენტებზე.
როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მწარმოებლებს ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მიწოდებული, თუმცა, შესაბამისი სერტიფიცირების მოპოვებას დრო სჭირდება და როგორც კი ისინი საქართველოში მათ წარმოადგენენ, მათი რეგისტრაციები განახლდება.
“სერტიფიკატი მარტო საქართველოსთვის არაა, საერთაშორისოა და ეს სერტიფიკატი ყველგან შეუძლიათ გამოიყენონ. მაგალითად, ამ სერტიფიკატით ევროპაშიც შეეძლებათ შევიდნენ, იმიტომ რომ საერთაშორისო იქნება. თუმცა სერტიფიკატი ურთულესი მისაღებია”, - განაცხადა მან.
“ჩვენები კი სთხოვენ, რომ გააკეთეთო, რა თქმა უნდა. ჩვენც გვაწყობს ეს, ვინაიდან შემდეგ მედიკამენტების ძალიან დიდი დიაპაზონი გვაქვს. ყველა ფარმაცევტულ კომპანიას სჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი დასახელების მედიკამენტი იყოს ხელმისაწვდომი მის ქსელში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რაც შეიძლება მალე მიიღონ ამ მწარმოებლებმა შესაბამისი სერტიფიცირება. ჩვენ ველოდებით მათგან ამ საბუთებს”, - დასძინა ილონა კოკიაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 366,7 მლნ აშშ დოლარის სამკურნალო საშუალება შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით ნაკლები იყო (345,6 მლნ აშშ დოლარი).
სამკურნალო საშუალებების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა კვლავ თურქეთია, მას მოჰყვება გერმანია, შვეიცარია და უნგრეთი. იმპორტის დიდი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, რამაც წელს იანვარ-ივნისში 194 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 163 მლნ აშშ დოლარი იყო.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, წელს, უკრაინიდან 5 მლნ აშშ დოლარის სამკურნალო საშუალებები შემოვიდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 7,8 მლნ აშშ დოლარი იყო), რუსეთიდან - 1,9 მლნ აშშ დოლარის (გასულ წელს - 3,8 მლნ აშშ დოლარი), მოლდოვიდან - 1,5 მლნ აშშ დოლარის (გასულ წელს 1 მლნ აშშ დოლარის), ბელარუსიდან - 365 000 აშშ დოლარის (გასულ წელს, 2,2 მლნ აშშ დოლარი), სომხეთიდან - 164,8 მლნ აშშ დოლარის (გასულ წელს 1 მლნ აშშ დოლარის) იმპორტი დაფიქსირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge