
"ქაღალდისა და ტრანსპორტირების ხარჯები გაიზარდა" - "მედუზა" საგამომცემლო სექტორის გამოწვევებზე
ქართული საგამომცემლო სექტორი გაზრდილი საწარმოო ხარჯებისა და დაფინანსების შემცირების პირობებში მუშაობას განაგრძობს. გამომცემლობების ნაწილი გამოწვევებად ასახელებს ქაღალდის გაძვირებას, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას და მომხმარებლის შემცირებულ მსყიდველუნარიანობას.
როგორც გამომცემლობა „მედუზას“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ანა ყიასაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, საგამომცემლო სფერო ქვეყნის ეკონომიკური გარემოსგან დამოუკიდებლად ვერ ვითარდება და არსებული გამოწვევები სექტორზეც პირდაპირ აისახება.
„საგამომცემლო სფერო მოწყვეტილი არ არის ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენ ამ სისტემის, ეკოსისტემის ნაწილი ვართ და ის გამოწვევები, რაც სხვა ბიზნეს-სექტორებში არის, ჩვენთანაც ზუსტად პარალელურად არსებობს“, - განაცხადა ანა ყიასაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა როგორც წიგნის წარმოებასთან დაკავშირებული, ისე ლოგისტიკური ხარჯები. „მედუზა“ წიგნებს თურქეთში ბეჭდავს, სადაც ქაღალდის გაძვირების გამო სტამბებმა მომსახურების ღირებულება გაზარდეს.
"ბოლოს რომ ჩვენ დავბეჭდეთ წიგნები, სტამბამ უკვე გაგვიზარდა ფასი, იქიდან გამომდინარე, რომ ქაღალდზე არის ფასი ზოგადად მსოფლიოში გაზრდილი და შესაბამისად სტამბებს უწევთ, რომ გააძვირონ თავიანთ პროდუქციაზე და პროცესზე მთლიანად ფასი. ასევე გაგვეზარდა ტრანსპორტირების ფასიც საქართველომდე, იმიტომ რომ ბენზინზე არის გაზრდილი", - აღნიშნა მან.
როგორც რესპონდენტი ეთერში ამბობს, მომხმარებლისთვის წიგნის საბოლოო ფასი პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ხარჯებთან, რომლებიც წარმოებასა და მიწოდებას ახლავს. „მკითხველმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ეს პირდაპირ არის მიბმული ბენზინის და ქაღალდის ფასზე წიგნის თითოეული ეგზემპლარის ფასიც“, - განაცხადა მან.
ანა ყიასაშვილის განმარტებით, გამომცემლობა ცდილობს, გაზრდილი ხარჯები სრულად არ ასახოს მომხმარებელზე, რადგან არსებული ეკონომიკური გარემოს პირობებში წიგნის შეძენა ბევრი ადამიანისთვის უფრო რთული ხდება.
"ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დავარეგულიროთ ფასი, თუმცა, ბიზნესია და ძალიან რთულია. ჩვენც მკითხველები ვართ და ვიცით, რამდენად რთულია, რაღაც გინდოდეს, ახალი წიგნი შეიძინო და ისეთი ფასი ჰქონდეს, რომ ხელმისაწვდომი არ იყოს", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ხარჯების ზრდის ფონზე გამომცემლობას გარკვეული ფასობრივი ცვლილებების განხორციელება მაინც მოუწია. "2026 წელს უკვე ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ მოგვიწია, რომ ცოტა მოგვემატებინა. დაახლოებით ერთი ლარით ან ლარ-ნახევრით შეიძლება რომ გაძვირდა თითო წიგნის ეგზემპლარის ფასი", - აღნიშნა ყიასაშვილმა.
მისი შეფასებით, საგამომცემლო ბიზნესი განსხვავდება სხვა კომერციული მიმართულებებისგან, რადგან სფეროში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქმის სიყვარულსა და ენთუზიაზმს.
„საგამომცემლო სფერო დიდწილად არის კიდევ ენთუზიაზმზე. მხოლოდ ბიზნესური თვალსაზრისით ვერ შევხედავთ გამომცემლები. როცა გამომცემელი ხდები, ეს ძირითადად ნაკლებად ფულს და მეტად საქმის სიყვარულს ეფუძნება“, - განაცხადა მან.
„მედუზას“ თანადამფუძნებლის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს ოპერირება და მომხმარებლისთვის ქართული ენით ხელმისაწვდომი ლიტერატურის შეთავაზება გააგრძელოს.
„ბოლო ერთი წლის, ან ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გართულდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ფარ-ხმლის დაყრა არაფერს უშველის. შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ, ჩვენც არ დავრჩეთ ზარალში და მომხმარებელმაც მაქსიმალურად მეტი ლიტერატურა გაეცნოს ქართულ ენაზე“, - აღნიშნა მან.
ამასთან, გამომცემლობა გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარებასაც ცდილობს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ საკუთარი ონლაინ პლატფორმა Meduzabooks.ge აამოქმედა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს წიგნების პირდაპირ შეძენა შეუძლია.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩვენი მედუზას საიტი გავუშვით, საიდანაც მხოლოდ ჩვენი წიგნები გაიყიდება და მყიდველს შეეძლება, პირდაპირ ჩვენგან შეიძინოს ეს წიგნები“, - განაცხადა ანა ყიასაშვილმა.
მისივე შეფასებით, საკუთარი ონლაინ არხის განვითარება კომპანიას მეტ მოქნილობას მისცემს როგორც აქციების, ისე სხვადასხვა შეთავაზებების დაგეგმვის მიმართულებით.
გარდა ამისა, კომპანია მომავალში ელექტრონული წიგნების მიმართულების განვითარებასაც გეგმავს, ხოლო აუდიოწიგნების წარმოება ამ ეტაპზე უფრო გრძელვადიან გეგმად რჩება, რადგან ეს მიმართულება დამატებით ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
BM.GE
წყარო: bm.ge