
“ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?
მეღვინეობა “ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს. მარნის დამფუძნებელი, სალომე მათიაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი სტუმრებისთვის არა მხოლოდ ღვინის დეგუსტაციის, არამედ კვებისა და ღამის გათევის შესაძლებლობის შექმნაა.
მათიაშვილის ინფორმაციით, მარნის განვითარება ოჯახმა 2015 წლიდან, საკუთარი შემოსავლით, ეტაპობრივად დაიწყო. ამ ეტაპზე ღვინო მხოლოდ მარანში იყიდება და საცალო ქსელში მისი შეტანა ჯერ არ იგეგმება.
„ღვინო ამ ეტაპზე არსად შეგვაქვს. ჩვენი პროდუქციის შეძენა მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი. ახლა მთლიანად მარნის საბოლოო დასრულებაზე ვართ გადართული. როცა ეს ნაწილი დასრულდება, შემდეგ უკვე მივხედავთ იმასაც, რომ ჩვენი ღვინო სხვადასხვა მაღაზიაში შევიტანოთ“, - ამბობს სალომე მათიაშვილი.
მისი თქმით, მარანში სასტუმროს მოწყობაც პანდემიამდე დაიწყო, თუმცა პროექტი დროებით შეჩერდა. ის აღნიშნავს, რომ გეგმაშია სასტუმროს, კვების სივრცისა და სხვადასხვა მასტერკლასისთვის განკუთვნილი სივრცეების განვითარება.
„სასტუმროს გაკეთება პანდემიამდე დავიწყეთ, რადგან მოთხოვნა მაშინვე იყო. სტუმრებს აქ დარჩენა სურდათ. შემდეგ პანდემია დაგვემთხვა და გარკვეული შეფერხებები შეგვექმნა. ახლა ეს ნაწილი შეჩერებულია, თუმცა თუ წელს კარგი სეზონი გვექნება, აუცილებლად გავაგრძელებ. ვფიქრობ, მთლიან პროექტს დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება“, - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.
სალომე მათიაშვილი ამბობს, რომ მარანში მისული უცხოელი სტუმრების ნაწილი საქართველოში მიღებულ გამოცდილებას საკუთარ ქვეყნებშიც აგრძელებს - მათ შორის, ქართული რესტორნების მონახულებით. მისი შეფასებით, ეს მცირე მარნისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ღვინის ტურიზმთან ერთად ქართული სამზარეულოსა და კულტურის პოპულარიზაციაშიც საკუთარი წვლილი შეიტანოს.
BM.GE
წყარო: bm.ge