მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ გახდა საჭირო გაზის ახალი სატარიფო მექანიზმის შემოღება გათბობის სეზონის წინ?!|ექს-მინისტრის კითხვები
რატომ გახდა საჭირო გაზის ახალი სატარიფო მექანიზმის შემოღება გათბობის სეზონის წინ?!|ექს-მინისტრის კითხვები

რატომ გახდა საჭირო გაზის ახალი სატარიფო მექანიზმის შემოღება გათბობის სეზონის წინ?!|ექს-მინისტრის კითხვები

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 01:00|bm.ge

“ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილი წევრი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ექს მინისტრი (2015 - 2018), ასევე საქართველოს X მოწვევის პარლამენტარი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გაზის ტარიფის შესაძლო ცვლილებასა და საზოგადოებისთვის გაურკვეველ პირობებზე ხელისუფლებას კონკრეტული გათვლების წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

ყოფილი მინისტრი პარლამენტში დიფერენცირებული სატარიფო მექანიზმის დაჩქარებული წესით განხილვას და დამტკიცებას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მაისში გაზის მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესახებ გაკეთებული დაპირებების შემდეგ გათბობის სეზონის წინ გადასახადის შესაძლო ზრდა მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

საქმე ის არის, წელს საქართველომ და აზერბაიჯანმა ე.წ “დამატებითი გაზის” ახალი 20 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რადგან არსებულ კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად იღებდა, 2026 წლის ბოლოს ეწურება ვადა. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი 20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე გარანტირებული მოცულობა იქნება ისევ 500 მლნ კუბური მეტრი და მისივე მტკიცებით, ფასი იქნება სოციალური, როგორც მანამდე იყო დადგენილი.

„თუ მაისში მიღწეული შეთანხმება მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა, რა ეკონომიკური გარემოება შეიცვალა ოქტომბრისთვის ისეთი, რომ ახალი სატარიფო მექანიზმის დაჩქარებული წესით მიღება გახდა საჭირო?! რამდენ ოჯახს შეუნარჩუნდება დღევანდელი ტარიფი, რამდენს შეუმცირდება და რამდენს გაეზრდება გადასახადი?“ - კითხვებს სვამს კახა კახიშვილი.

“ქართული ოცნების” მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრის მოსაზრებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"მაისში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმება ბუნებრივი გაზის მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა. ოქტომბერში კი, პარლამენტმა დაჩქარებული წესით [განიხილა] ცვლილება, რომელიც მოსახლეობისთვის გაზის მოხმარების მიხედვით განსხვავებული ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

რა შეიცვალა ამ ხუთ თვეში? 2026 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა. პრემიერ მინისტრის განმარტებით, საქართველო ყოველწლიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სოციალური ფასით მიიღებდა, რაც მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნიდა.ოქტომბერში პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვის პროცესიდან შუამავალი კომპანიების გამორიცხვით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავდა და ეს ეკონომია მომავალში ტარიფებზეც შეიძლებოდა ასახულიყო.

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია სხვადასხვა პროდუქტია, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხელისუფლება მოსახლეობას ენერგეტიკაში მიღწეულ ხელსაყრელ პირობებსა და ეკონომიაზე ესაუბრებოდა.

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვები. რატომ გახდა საჭირო ბუნებრივი გაზის ახალი სატარიფო მექანიზმის შემოღება სწორედ ახლა, გათბობის სეზონის წინ? რატომ განიხილავს პარლამენტი ამ საკითხს დაჩქარებული წესით? რატომ არ არის საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი, რა მოცულობის მოხმარების შემდეგ შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ტარიფი და რამდენ ოჯახს შეეხება ეს ცვლილება?

დღეს თბილისში „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი კუბურ მეტრზე 53,971 თეთრია, ხოლო „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისთვის 56,928 თეთრი.

ხომ არ მივიღებთ ისეთ შედეგს, როდესაც მოქმედი ტარიფი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეუნარჩუნდება, დანარჩენებს კი გადასახადი გაეზრდებათ? განსაკუთრებით გაუგებარია მიდგომა, რომლის მიხედვითაც მეტი გაზის მოხმარება თითქოს მეტ ფინანსურ შესაძლებლობას ნიშნავს.

ოჯახში შეიძლება, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდეს, ცხოვრობდეს ავადმყოფი ადამიანი, პენსიონერი ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ომის ვეტერანი. შეიძლება, ოჯახი მრავალრიცხოვანი იყოს ან საცხოვრებელი ცუდად ინარჩუნებდეს სითბოს. ასეთ პირობებში გაზის მეტი რაოდენობით მოხმარება ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა.

მოსახლეობას ეკონომიის სწავლება აღარ სჭირდება. ადამიანები ისედაც ცდილობენ, ზედმეტი ელექტროენერგია და გაზი არ დახარჯონ. თუ ზამთარში გათბობას იყენებენ, ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს სჭირდებათ და არა იმიტომ, რომ ზედმეტი ფული აქვთ. ამ საკითხის განხილვისას არ შეიძლება დავივიწყოთ მოსახლეობის საერთო ფინანსური მდგომარეობაც. საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება, საწვავი, ტრანსპორტი, კომუნალური ხარჯები, სახელმწიფო სერვისები, ცნობები და დოკუმენტები, ცალკეული ჯარიმები. ეს ყველაფერი მოქალაქის ბიუჯეტზე მოქმედებს.პენსიებისა და ხელფასების მატებაც მხოლოდ მაშინ არის რეალური შეღავათი, როდესაც გაზრდილი შემოსავალი ფასებისა და აუცილებელი ხარჯების ზრდას უსწრებს.

არ ვამტკიცებ, რომ ბუნებრივი გაზის გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, სანამ პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებას წარუდგინონ კონკრეტული გათვლები.

რამდენ ოჯახს შეუნარჩუნდება დღევანდელი ტარიფი, რამდენს შეუმცირდება და რამდენს გაეზრდება გადასახადი? გათვალისწინებული იქნება თუ არა ოჯახის წევრების რაოდენობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათბობის რეალური საჭიროება? და მთავარი კითხვა: თუ მაისში მიღწეული შეთანხმება მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა, რა ეკონომიკური გარემოება შეიცვალა ოქტომბრისთვის ისეთი, რომ ახალი სატარიფო მექანიზმის დაჩქარებული წესით მიღება გახდა საჭირო? ამ კითხვებზე პასუხი კონკრეტული ციფრებით უნდა მივიღოთ. მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვა მხოლოდ განცხადებებით ვერ დასტურდება", - წერს კახა კახიშივილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 180 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 17.2%-ით შემცირდა

ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 17.2%-ით შემცირდა

BM.GE

Pfizergate-ის საქმეზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის პროკურატურას ჩვენებას კვლავ არ აძლევს - POLITICO

Pfizergate-ის საქმეზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის პროკურატურას ჩვენებას კვლავ არ აძლევს - POLITICO

BM.GE

საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

BM.GE

BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო

BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო

BM.GE