
ქართულმა სტარტაპმა Vynity-მ თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე შესვლა შეძლო - კომპანია გაფართოებას გეგმავს
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ქართულმა სტარტაპმა Vynity-მ თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჯალაღონია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სტარტაპის პროგნოზირების სიზუსტე თურქეთის ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მაღალია.
„Vynity ორი წლის წინ შეიქმნა. კომპანიის პირველი გეგმები ქართულ ბაზარზე იყო აწყობილი და ბირჟის გადადებამდე ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა. დაახლოებით 30 სადგურს ვემსახურებოდით, რამაც ჩვენი პროგნოზების სიზუსტე საგრძნობლად გააუმჯობესა. თუმცა, ბირჟის ამოქმედების გადადებასთან ერთად, ამ კომპანიებს ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილიც გაუქრათ. საბედნიეროდ, იყვნენ და არიან გამონაკლისები, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და ამ პერიოდის განმავლობაში ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ. მათ მიგვიყვანეს დღევანდელ შედეგებამდე და შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინეს Vynity“, - ამბობს გიორგი ჯალაღონია.
როგორც ჩვენთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ქართული ბაზრის განვითარების შეფერხების შემდეგ კომპანიამ ალტერნატიული მიმართულებების ძიება დაიწყო. დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ Vynity თურქეთის ბაზარზე შევიდა, სადაც ახლა მომხმარებლების მოზიდვასა და მომსახურების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჯალაღონიას თქმით, ბაზარზე შესვლის შემდეგ კომპანიამ დადებითი უკუკავშირი მიიღო და პირველი კონტრაქტიც შედარებით მოკლე დროში გააფორმა.
„ახლა ჩვენი სრული ფოკუსი ზრდასა და პროდუქტის გაუმჯობესებაზეა მიმართული. გვინდა, მომავალი წლის ბოლომდე თურქეთის ბაზრის სულ მცირე 20%-ს რომელიმე ჩვენი პროდუქტით ვემსახურებოდეთ. ყველაზე დიდი გამოწვევა პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბებაა, რასაც ენისა და კულტურის განსხვავებები და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებაც ემატება. თუმცა, ეს ის გამოწვევებია, რომელთა გადალახვაც სტარტაპს მდგრად კომპანიად ჩამოყალიბებაში ეხმარება“, - აღნიშნავს Vynity-ის აღმასრულებელი დირექტორი.
Vynity ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინფორმაციის ანალიტიკისა და პროგნოზირების პლატფორმაა, რომელიც ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების პროგნოზირებაში ეხმარება. სისტემა რეალურ დროში აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს სადგურების გამომუშავების, გათიშვების, ტექნიკური პრობლემების, ელექტროენერგიის მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის შესახებ. ამ ინფორმაციას ემატება ამინდის ისტორიული მონაცემები და პროგნოზები, გეოგრაფიული და მაკროეკონომიკური ფაქტორები, ასევე შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებები. მიღებული მონაცემების საფუძველზე პლატფორმა ენერგეტიკული ბაზრის მუშაობის სიმულაციას ქმნის და სხვადასხვა საბაზრო პარამეტრის პროგნოზირებას ახდენს.
„Vynity-ის უპირატესობა სამ ძირითად კომპონენტს უკავშირდება. პირველი ინფორმაციაა. ამჟამად რეალურ დროში დაახლოებით 30 ხელოვნური ინტელექტის აგენტი გვყავს ჩართული, რომელთა ამოცანაა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სწრაფად მოძიება და დამუშავება. ეს მოიცავს სადგურების გამომუშავებას, გათიშვებსა და ტექნიკურ პრობლემებს, ასევე მოხმარების მონაცემებს ქალაქებისა და სხვა დასახლებების მიხედვით. ამას ემატება ამინდის მონაცემები, გეოგრაფიული ინფორმაცია, მაკროეკონომიკური პარამეტრები და იურიდიული გადაწყვეტილებები. მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის დროულად მოპოვება და სწორად დამუშავება კონკურენტული უპირატესობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - განმარტავს ჯალაღონია.
მისივე თქმით, პლატფორმის მეორე უპირატესობა ცალკეული სადგურების, რეგიონებისა და ქალაქებისთვის შექმნილი ინდივიდუალური მოდელებია, რაც კონკრეტული ობიექტის თავისებურებების გათვალისწინების საშუალებას იძლევა. პროგნოზირების სიზუსტეზე ასევე მოქმედებს მოდელების რეგულარული განახლება და მათი სწავლებისთვის ხელმისაწვდომი ისტორიული მონაცემების მოცულობა.
„ელექტროენერგიით მოვაჭრე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ამ სერვისის ერთობლიობა, რათა სწორ დროს შესაბამისი სავაჭრო შეთავაზებები გააკეთონ. ფინანსურ ინსტიტუტებს კი ბაზრის სიმულაციით შეუძლიათ უკეთ დაინახონ რისკები და განსაზღვრონ საკრედიტო პოლიტიკა. რაც შეეხება გენერაციის ობიექტებსა და მომხმარებლებს, მათთვის პროგნოზები ყოველდღიური ოპერირების დაგეგმვაშია მნიშვნელოვანი - უნდა შეეძლოთ, წინასწარ შეაფასონ, რა მოცულობის ელექტროენერგიის გამომუშავება ან მოხმარებაა მოსალოდნელი“, - ამბობს ჯალაღონია.
ამ ეტაპზე Vynity საქმიანობას დამოუკიდებელი დაფინანსებით აგრძელებს, თუმცა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში პირველი საინვესტიციო რაუნდის გახსნას განიხილავს. კომპანიის გეგმებშია გუნდის გაფართოება, არსებული პლატფორმისთვის ახალი სერვისების დამატება და სხვა ბაზრების შესასწავლად საჭირო რესურსების მოზიდვა. მომხმარებლებს სტარტაპი მომსახურების ორ მოდელს სთავაზობს: ყოველთვიურ გამოწერას, რომლის ღირებულებაც სადგურის ან მომხმარებლის ზომაზეა დამოკიდებული, და ე.წ. Profit Sharing მოდელს, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლისთვის შექმნილი სარგებლის ნაწილს იღებს. ჯალაღონიას შეფასებით, ზრდის დინამიკა ამ ეტაპზე დადებითია, თუმცა ბიზნესის განვითარების ადრეული ეტაპიდან გამომდინარე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მისი შემდგომი ზრდა და სტაბილიზაცია.
„ევროპა ჩვენთვის ბუნებრივი არჩევანია - დამფუძნებლების გამოცდილება, განახლებადი ენერგიის წილი და ენერგეტიკული ბირჟების მსგავსი კონცეფცია ამ მიმართულებით განვითარების საფუძველს ქმნის. ჩრდილოეთ აფრიკასა და მთლიანად აფრიკის კონტინენტზე კი გვიზიდავს განახლებადი ენერგიის მზარდი წილი, ბირჟების ამოქმედების ინიციატივები და სწრაფად განვითარებადი ბაზრები. ასეთ გარემოში შესაძლებელია, კონკურენტების დონეზე ან მათზე წინ აღმოვჩნდეთ უკვე ბაზარზე შესვლის საწყის ეტაპზევე“, - აცხადებს ჯალაღონია.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედების გადადებამ Vynity-ის თავდაპირველი გეგმები შეცვალა, კომპანია ქართულ ბაზარზე მუშაობისთვის მზად არის. ჯალაღონიას თქმით, პლატფორმის გამოყენების სურვილის შემთხვევაში ახალი სადგურის მომსახურებაში ჩართვა დაუყოვნებლივ შეუძლიათ. თუმცა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების მასშტაბი დამოკიდებული იქნება ისტორიული საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობაზე, ოპერაციულ პირობებსა და თავად ბაზრის მზაობაზე.
„მზადყოფნა 100%-იანია - შეგვიძლია, ხვალვე ჩავრთოთ ნებისმიერი სადგური, რომელსაც ჩვენი პროდუქტების გამოყენება სურს. რთულია იმის შეფასება, რა მასშტაბით განვითარდება მოთხოვნა, რადგან შეზღუდულია როგორც ენერგეტიკული, ისე ამინდის ისტორიული საჯარო მონაცემები. მნიშვნელობა აქვს ოპერაციულ საკითხებსა და ბაზრის მზაობასაც. თუმცა, მსგავსი სერვისები ენერგეტიკული ბირჟის ეფექტიანობას აუმჯობესებს, რისკებს ამცირებს და ბაზრის თითოეული მონაწილის ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს“, - ამბობს Vynity-ის აღმასრულებელი დირექტორი.
BM.GE
წყარო: bm.ge