
QR კოდი ღვინოზე – ახალი ვალდებულება მეღვინეებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, მეღვინეებს ღვინის ჭურჭელზე QR კოდების დატანის ვალდებულება უჩნდებათ, რომელიც მომხმარებელს ჩამოსხმული ღვინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ ზურაბ ეზუგბაიამ სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, კანონს ემატება ნიშანდების განმარტება: „ნიშანდება განისაზღვრება, როგორც ალკოჰოლიანი სასმლის ჭურჭელზე ან ეტიკეტზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის QR კოდის დატანა. QR კოდი თანამედროვე ნიშანდების ფორმაა, რომელიც პროდუქციის შესახებ სერტიფიცირების ფარგლებში სათანადო ინფორმაციის მიკვლევადობას უზრუნველყოფს“.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირში ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმად, მეღვინეებს, რომელთაც სურთ, მათი ღვინო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გაიყიდოს, თითოეულ ბოთლზე ღვინის ინგრედიენტებისა და კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია უნდა დაიტანონ. შესაბამისად, იმ ქართველ მეღვინეებს, რომლებსაც სასმელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გააქვთ, ბოთლზე QR კოდის დატანა უკვე უწევთ. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მეღვინეებზე QR-კოდს სახელმწიფო საერთაშორისო წესების და სტანდარტების მიხედვით გასცემს.
კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა მას ჰკითხა - რას გულისხმობს ნიშანდების ფარგლებში დატანილი QR კოდი, რადგან ამის გაკეთება მეღვინეებს თავადაც შეუძლიათ, რაზედაც მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სახელმწიფოს მიერ ვერიფიცირებული ღვინო იქნება დასტური იმისა, რომ პროდუქტს ექსპორტიორ ქვეყანაში, ანუ საქართველოში სერტიფიცირების სრული ციკლი აქვს გავლილი.
"QR კოდი ერთ-ერთი უნივერსალური, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდია იმისათვის, რომ მწარმოებლის, ღვინის, მისი კატეგორიის თაობაზე თავმოყრილი და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს ერთი მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებელს არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ჰქონდეს ინფორმაცია. ადგილობრივ ბაზარზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ საქართველოში ტურისტული სექტორი ძალიან განვითარებულია და ღვინოც ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, როგორც ტურიზმის განსავითარებლად, ასევე ქართული ღვინის თაობაზე, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი პროდუქტის თაობაზე ინფორმაციის გასატანად უცხოურ და ახალ ბაზრებზე აი ამ მოთხოვნილების შესაფასებლად. QR კოდი ამ კუთხით არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პროდუქტს მოიხმარს.
მეორე ნაწილი არის უკვე ვერიფიცირება. ეს QR კოდი თვითონ მწარმოებელსაც შეუძლია თავისი ნება-სურვილის მიხედვით დაიტანოს ბოთლზე, მაგრამ ჩვენ გვინდა, QR კოდი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ნიშანდების ფარგლებში იყოს გაცემული საერთო წესების, სტანდარტების მიხედვით. ეს QR კოდიდან ნიშანდება იყოს აღქმადი და ჩვენ მერე ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება უფრო თვალხილული გავხადოთ ქართული ღვინის სხვადასხვა კატეგორიები, მათ შორის მაგალითად, ქვევრის ღვინო ან სხვა ქვეკატეგორიები, რომელიც ჩვენი პროდუქციისთვის სავიზიტო ბარათია.
მესამე მხრივ, ცენტრალიზებული, ვერიფიცირებული ნიშანდება უზრუნველყოფს იმას, რომ იმპორტიორები უცხოურ ბაზრებზე დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ პროდუქტს, რომელსაც QR კოდი ადევს, ექსპორტიორ ქვეყანაში სერტიფიცირების სრული ციკლი აქვს გავლილი, ეს არ არის უშუალოდ რომელიმე მწარმოებლის მხრიდან განსხვავებული სტანდარტებით გაკეთებული, არამედ ერთიანი, სახელმწიფოებრივი მიდგომით არის უზრუნველყოფილი. ამ სამმაგი დატვირთვის მატარებელია QR კოდი, რომელიც მოხერხებულობისთვის ჩვენ ცალკე აღვნიშნავთ, რომ შეიძლება განთავსდეს როგორც ეტიკეტზე, ასევე ჭურჭელზე, ასევე შეფუთვაზე, გააჩნია რომელ მეთოდს იყენებს მწარმოებელი“, - გააცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
კომიტეტის სხდომას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლაც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღვინის ჭურჭელზე QR კოდის დატანის საპილოტე პროექტი მათ ბოლნისში განახორციელეს და საინტერესო შედეგები ჰქონდათ: „მსგავსი საპილოტე პროექტი, ჩვენ, ბოლნისში გვქონდა, როდესაც ამ QR კოდების უკან იყო ინფორმაცია როგორც მომხმარებლისთვის, ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ, ადგილწარმოშობის შესახებ, ანუ უკუკავშირის საშუალება, ასევე სერტიფიცირების შესახებ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ინსპექტორებისთვის. მეყსეულად დახლზე შეგიძლია ლოტი შეამოწმო, სერტიფიცირებულია თუ არა, ანალიზები და ასე შემდეგ. და პლუს, ერთი საინტერესო უკუკავშირი რაც იყო, ყოველი დასკანერებას ვხედავდით, ანუ მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენდა გასაკვირად ქართული ღვინო მოხვდა კოლუმბიაში, როდესაც ვთქვათ, იქ პირდაპირი ექსპორტი არ არის. ასეთი მსგავსი უკუკავშირის შესაძლებლობასაც იძლევა ეს ტექნოლოგია. ვფიქრობ, უკვე იმპლემენტაციის დროსაც ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობებიც გამოვლინდება. თან თანამედროვე ტექნოლოგიები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ 8000 წლის, ჩვენ ვართ 8000 წლის ახალგაზრდები და განვითარება ჯერ კიდევ წინ არის“.
ცნობისთვის, ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემდეგ, მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებას ამკაცრებს. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუსს 50-მდე მეწარმე დაკარგავს და მათ სავალდებულო დეგუსტაციის გავლა მოუწევთ, სადაც ერთი ლოტის ღირებულება 75 ლარია. ეს სახელმწიფოს[ღვინის ეროვნულ სააგენტოს] დამატებით 375 000 ლარის შემოსავალს მოუტანს. ამასთან, შემოიღებენ ნიშანდების იგივე მარკირების სისტემას, რომელიც ფასიანი იქნება და 1 ბოთლ სასმელზე სავარაუდოდ 10 თეთრით განისაზღვრება. ეს სიახლე 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. ამგვარად, ღვინის კომპანიების ხარჯები, კანონპროექტის ავტორების დათვლებით, ჯამურად ₾14-15 მილიონით გაიზრდება, რაც შესაბამისად „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ შემოსავალს ამდენივეთი გაზრდის. და თუ აქამდე მაგალითისთვის „ქართული ღვინის პოპულარიზაციის“ პროგრამისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო თანხებს ცენტრალური ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან იღებდა, როგორც ლევან მეხუზლა ამბობს, ახლა მიღებული შემოსავალი სრულად ამ პროგრამაზე მიიმართება. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით თუ სსიპ-ს შემოსავალი აღემატება ერთ მილიონ ლარს თანხის 10% უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
BM.GE
წყარო: bm.ge