
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ| რა განიხილეს?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ.
სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შესაძლებლობები და დარგის წარმომადგენლების საჭიროებები განიხილეს.
„ვაშლის მწარმოებლებთან განვიხილეთ საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, დარგში არსებული საჭიროებები და ის საკითხები, რომლებზეც ჩვენი მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ასევე, ვისაუბრეთ სახელმწიფო პროგრამების დახვეწისა და მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდეს როგორც სეზონის დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპებზე, რათა საჭიროებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ და სეზონის შედეგები ერთობლივად შევაჯამოთ“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაშლის მოსავლის წინასწარი პროგნოზირებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. დარგობრივი საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად, მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება.
უწყება გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ვაშლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. 2025/2026 მარკეტინგულ წელს საქართველოდან 24.6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა მარკეტინგულ წელთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 36%-ით, ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი 20%-ით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge