
ქვეყნები, რომლებმაც ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალეს ან განიხილავენ
ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრმა ქვეყანამ ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვის გეგმების შესახებ განაცხადა. გასული წლის ბოლოს ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მსგავსი ზომები გაატარა და შექმნა პრეცედენტი, რომელსაც სხვა სახელმწიფოები ახლა ყურადღებით აკვირდებიან.
მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები და წინადადებები მიზნად იმ ზეწოლისა და რისკების შემცირებას ისახავს, რომლებსაც ახალგაზრდა მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აწყდებიან. მათ შორისაა კიბერბულინგი, დამოკიდებულება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ონლაინ დამნაშავეების მხრიდან მომავალი საფრთხეები.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც განიხილავენ ან უკვე გადადგეს ნაბიჯები ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების ასაკრძალად:
ავსტრალია
ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2025 წლის დეკემბერში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა. რეგულაცია ბავშვებს ისეთი პლატფორმების გამოყენებას უზღუდავს, როგორებიცაა Facebook, Instagram, Snapchat, Threads, TikTok, X, YouTube, Reddit, Twitch და Kick. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება WhatsApp-სა და YouTube Kids-ზე.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, სოციალური მედიის კომპანიებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა ბავშვებმა მათი სერვისებით ვერ ისარგებლონ. კომპანიებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ემუქრებათ ჯარიმა 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე ოდენობით.
მთავრობა მიუთითებს, რომ ამ პლატფორმებმა ვერიფიკაციის რამდენიმე მეთოდი უნდა გამოიყენონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მომხმარებლები 16 წელზე უფროსი ასაკის არიან. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიები ვერ დაეყრდნობიან მხოლოდ მომხმარებლის მიერ საკუთარი ასაკის მითითებას.
მალაიზია
მალაიზიის მთავრობამ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ გეგმავს სოციალური ქსელების აკრძალვას 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ქვეყანა აკრძალვის ამოქმედებას მიმდინარე წელს აპირებს.
დანია
დანია სოციალური ქსელების აკრძალვას 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აპირებს. დანიის მთავრობამ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ამ ინიციატივისთვის პარლამენტში მმართველი კოალიციის სამი პარტიისა და ორი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა. სააგენტო "Associated Press"-ის ინფორმაციით, მთავრობის გეგმები შესაძლოა კანონად უკვე 2026 წლის შუა პერიოდისთვის იქცეს.
საფრანგეთი
იანვრის ბოლოს ფრანგმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კრძალავს. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, როგორც ეკრანებთან ჭარბი დროის გატარებისგან ბავშვების დაცვის საშუალებას. კანონპროექტმა, ქვედა პალატაში საბოლოო კენჭისყრამდე, ჯერ ქვეყნის სენატი უნდა გაიაროს.
გერმანია
თებერვლის დასაწყისში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატორებმა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ განიხილეს წინადადება. თუმცა, არსებობს იმის ნიშნები, რომ მისი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის პარტნიორები სრული აკრძალვის მხარდაჭერისგან თავს იკავებენ.
პოლონეთი
პოლონეთის მმართველმა პარტიამ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებს ამკრძალავი კანონმდებლობის მზადება ასევე თებერვალში დაიწყო.
სლოვენია
15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა თებერვლის დასაწყისში განაცხადა. მთავრობას სურს დაარეგულიროს სოციალური ქსელები, სადაც ხდება კონტენტის გაზიარება, მათ შორის ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა TikTok, Snapchat და Instagram.
ესპანეთი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყანა სოცმედიის აკრძალვას 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გეგმავს. აკრძალვას ჯერ კიდევ სჭირდება პარლამენტის თანხმობა. ესპანეთის მთავრობა ასევე ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც სოციალური ქსელების ხელმძღვანელებს პირად პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის გავრცელების გამო.
ინდონეზია
მარტის დასაწყისში ინდონეზიამ განაცხადა, რომ სოციალური ქსელებისა და სხვა პოპულარული ონლაინ პლატფორმების გამოყენებას 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კრძალავს. ქვეყანა გეგმავს შეზღუდვები დაიწყოს ისეთი პლატფორმებით, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram, Threads, X, Bigo Live და Roblox.
ავსტრია
მარტის ბოლოს ავსტრიამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებს 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალავს.
კანადა
კანადის ციფრული უსაფრთხოების კანონპროექტი სოციალური ქსელების აკრძალვას 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ითვალისწინებს. კანონმდებლობის მიხედვით, ტექნოლოგიურ გიგანტებს შეეძლებათ თავი აარიდონ ამ აკრძალვას, თუ დაამტკიცებენ, რომ აქვთ ახალგაზრდა მომხმარებლების დაცვის პოლიტიკა. ოფიციალური პირების განცხადებით, კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს.
საბერძნეთი
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყანა 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას აკრძალავს. მიცოტაკისის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ბავშვებში შფოთვისა და ძილის პრობლემების მატებასთან ბრძოლას, ასევე სოციალური ქსელების მიერ გამოწვეული დამოკიდებულების შემცირებას ისახავს.
თურქეთი
თურქეთის პარლამენტმა15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შესაზღუდად კანონპროექტი აპრილში მიიღო. კანონის ასამოქმედებლად ახლა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.
გაერთიანებული სამეფო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 15 ივნისს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სოციალური ქსელების გამოყენებას 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალავს. აკრძალვა გავრცელდება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, მათ შორის Snapchat, TikTok, YouTube, Instagram, Facebook და X-ზე.
შეტყობინებების სერვისები, როგორიცაა WhatsApp და Signal, არ იქნება გათვალისწინებული ამ აკრძალვაში. ასევე დაწესდება შეზღუდვები ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებზე - კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის მქონე "რომანტიკული კომპანიონი" ჩატბოტების მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი გამოყენება მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეეძლოთ.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია 16 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის აკრძალა. 30 ივნისს ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები "ინფორმაციის შესახებ" და "ბავშვთა მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ" კანონებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ახალი კანონი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ შევა ძალაში.
ამასთან, 16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშების შექმნა, მათი გამოყენება და კონტენტის განთავსება მხოლოდ მეურვეების თანხმობითა და ზედამხედველობის ქვეშ შეეძლებათ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელთა ასაკი დადასტურდება საბანკო ბარათის, ასევე მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით.
BM.GE
წყარო: bm.ge