
რა აფერხებს შვილების ყოლის სურვილს საქართველოში|გაეროს კვლევის შედეგები
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი დემოგრაფიული კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, თუმცა რეალური გარემოებები მათ ამ მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის.
კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებობს სერიოზული ნაპრალი სასურველ და ფაქტობრივ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის.
რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ახალგაზრდების დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ განსაკუთრებით პოზიტიურია: გამოკითხულთა 79%-ს სურს დაქორწინება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (63%).
შვილების გაჩენის მთავარ მოტივაციად სიხარული და ბედნიერება სახელდება - რესპონდენტთა 87%-მა ეს ფაქტორი „მნიშვნელოვნად“ ან „ძალიან მნიშვნელოვნად“ შეაფასა.
საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6-ს, ხოლო კაცებისთვის 3-ს შეადგენს.
მიუხედავად დიდი სურვილისა, ბევრი ახალგაზრდისთვის ოჯახთან დაკავშირებული გეგმები 35–39 წლის ასაკში შეუსრულებელი რჩება:
ამ ასაკობრივ ჯგუფში ქალების 22%-ს შვილი არ ჰყავს, თუმცა ეს მათი პირადი არჩევანი არ არის - ამ ქალების 95%-ს რეალურად სურს შვილის ყოლა. ეს მონაცემი მკვეთრად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, სადაც უშვილობა უფრო ხშირად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა.
შედეგად, იქმნება სერიოზული დემოგრაფიული ნაპრალი სასურველ და რეალურ შვილთა რაოდენობას შორის: ქალებში ეს სხვაობა საშუალოდ 1.25 შვილს, ხოლო კაცებში თითქმის 2 შვილს აღწევს.
საქართველო მთელ რეგიონში ლიდერობს განათლებისა და კარიერის, როგორც მშობლობის აუცილებელი წინაპირობების, შეფასებაში: ქართველი ახალგაზრდების 60% მიიჩნევს, რომ განათლების დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“ შვილის გაჩენამდე, ხოლო 58% იმავეს კარიერულ დამკვიდრებაზე ამბობს.