მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა აფერხებს შვილების ყოლის სურვილს საქართველოში|გაეროს კვლევის შედეგები
რა აფერხებს შვილების ყოლის სურვილს საქართველოში|გაეროს კვლევის შედეგები

რა აფერხებს შვილების ყოლის სურვილს საქართველოში|გაეროს კვლევის შედეგები

BM.GE9 ივლისი, 2026, 18:32|bm.ge

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი დემოგრაფიული კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, თუმცა რეალური გარემოებები მათ ამ მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის.

კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებობს სერიოზული ნაპრალი სასურველ და ფაქტობრივ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის.

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ახალგაზრდების დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ განსაკუთრებით პოზიტიურია: გამოკითხულთა 79%-ს სურს დაქორწინება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (63%).

შვილების გაჩენის მთავარ მოტივაციად სიხარული და ბედნიერება სახელდება - რესპონდენტთა 87%-მა ეს ფაქტორი „მნიშვნელოვნად“ ან „ძალიან მნიშვნელოვნად“ შეაფასა.

საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6-ს, ხოლო კაცებისთვის 3-ს შეადგენს.

მიუხედავად დიდი სურვილისა, ბევრი ახალგაზრდისთვის ოჯახთან დაკავშირებული გეგმები 35–39 წლის ასაკში შეუსრულებელი რჩება:

ამ ასაკობრივ ჯგუფში ქალების 22%-ს შვილი არ ჰყავს, თუმცა ეს მათი პირადი არჩევანი არ არის - ამ ქალების 95%-ს რეალურად სურს შვილის ყოლა. ეს მონაცემი მკვეთრად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, სადაც უშვილობა უფრო ხშირად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა.

შედეგად, იქმნება სერიოზული დემოგრაფიული ნაპრალი სასურველ და რეალურ შვილთა რაოდენობას შორის: ქალებში ეს სხვაობა საშუალოდ 1.25 შვილს, ხოლო კაცებში თითქმის 2 შვილს აღწევს.

საქართველო მთელ რეგიონში ლიდერობს განათლებისა და კარიერის, როგორც მშობლობის აუცილებელი წინაპირობების, შეფასებაში: ქართველი ახალგაზრდების 60% მიიჩნევს, რომ განათლების დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“ შვილის გაჩენამდე, ხოლო 58% იმავეს კარიერულ დამკვიდრებაზე ამბობს.

საცხოვრებლის ფლობის აუცილებლობაც საქართველოში ბევრად უფრო კრიტიკულად აღიქმება, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.

კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში გავრცელებულია ცხოვრებისეული ეტაპების მკაცრი თანმიმდევრობა: სტაბილური სამუშაო უნდა უსწრებდეს დამოუკიდებელ საცხოვრებელს, საცხოვრებელი - პარტნიორულ ურთიერთობას, ხოლო პარტნიორობა - შვილის გაჩენას. თუ ამ ჯაჭვის თუნდაც ერთი რგოლი ირღვევა, შემდგომი ეტაპების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

რა აფერხებს შვილების ყოლის სურვილს?

პარტნიორის პოვნასა და შვილების გაჩენის ყველაზე დიდ დაბრკოლებად ფინანსური არასტაბილურობა სახელდება. შვილის ყოლის უმნიშვნელოვანეს ბარიერად გამოკითხულთა 41% ფინანსურ მიზეზებს ასახელებს.

მას მოსდევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: შესაბამისი საცხოვრებლის არქონა (38%), ჯანმრთელობის პრობლემები (39%) და შესაფერისი პარტნიორის პოვნის სირთულე (37%).

ამასთანავე, საქართველოში დემოგრაფიული ნაპრალი მჭიდროდ უკავშირდება გენდერული როლების ასიმეტრიას:

ქართველი ქალები ელიან, რომ ბავშვის მოვლის ძირითადი ტვირთი მათზე გადავა. მიუხედავად იმისა, რომ კაცები მოვალეობების თანაბარი გადანაწილების შესახებ მზაობას გამოხატავენ, ისინი საკუთარ თავს მაინც უპირატესად მხოლოდ „მარჩენალის“ (ფინანსური უზრუნველყოფის) როლში ხედავენ.

ქალები ხაზს უსვამენ საკუთარი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, რათა თავიდან აიცილონ პარტნიორზე დამოკიდებულება.

პარალელურად, საზოგადოებაში არსებობს ორმაგი სტანდარტები: დედის სრულ განაკვეთზე მუშაობა, როდესაც ბავშვი 3 წელზე ნაკლებისაა, კვლავ სერიოზულ კონსერვატიულ საზოგადოებრივ გაკიცხვას აწყდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დემოგრაფიის კუთხით არსებულ პრობლემურ ტენდენციებს უფრო მეტად მსოფლმხედველობითი საფუძვლები აქვს, ვიდრე ფინანსურ-ეკონომიკური.

კობახიძის თქმით, დემოგრაფიული პრობლემები საქართველოს მსგავსად მთელ მსოფლიოში აქტუალურია და ამ კუთხით ხელშესახები შედეგების მისაღწევად, ყველაფერი კომპლექსურად გასააზრებელია, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

გაეროს კვლევა 2025 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე (მათ შორის საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ყაზახეთსა და მოლდოვაში) ჩატარდა. მასში მონაწილეობა ინტერნეტზე წვდომის მქონე, 18-დან 39 წლამდე ასაკის 13 500-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

BM.GE

ახალი კანონები საქართველოში დამოუკიდებელ სამოქალაქო ჯგუფებს აზიანებს - Human Rights Watch

ახალი კანონები საქართველოში დამოუკიდებელ სამოქალაქო ჯგუფებს აზიანებს - Human Rights Watch

BM.GE

რუსული ფქვილის იმპორტი შემცირდა - 1 ტონის საშუალო ფასი გაიზარდა

რუსული ფქვილის იმპორტი შემცირდა - 1 ტონის საშუალო ფასი გაიზარდა

BM.GE

საამიროებმა OPEC-ის დატოვების შემდეგ ნავთობის მოპოვება მკვეთრად გაზარდა

საამიროებმა OPEC-ის დატოვების შემდეგ ნავთობის მოპოვება მკვეთრად გაზარდა

BM.GE