რა არის "ლენდლორდის" მოდელი, რომლითაც მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას გეგმავს
BM.GE|bm.ge
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი შეცვალა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port) მოდელით განხორციელდება, რომლის მიხედვითაც პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მართვაში სხვადასხვა საერთაშორისო კერძო ოპერატორი ჩაერთვება. მარიამ ქვრივიშილმა ბრიფინგზე BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ პორტის სრულად სახელმწიფო საკუთრებაში გადაყვანით, პორტის პირველი ფაზის განხორციელების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით $200 მილიონი დოლარით გაიზრდება.
მინისტრის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პროექტში აღარ იქნება ერთი წამყვანი კერძო ინვესტორი. შესაბამისად, ანაკლიის პორტს ჩინური კორპორაცია CCCC აღარ ააშენებს, რომელთანაც მოლაპარაკებები 2024 წლის მაისიდან მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ხელშეკრულება არ გაფორმდა.
„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს.
პორტის წილები არ გაიყიდება. ეს იქნება ქართული პორტი, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი. სხვა არავინ იქნება მფლობელი. ეს არის ქართული პორტი და იქნება ქართული პორტი. საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში. ეს არის ლენდლორდ მოდელი, რომელიც არის ყველაზე აპრობირებული მოდელი. ეს მოდელი მუშაობს ნიდერლანდებში, აშშ-ში, სინგაპურში, ბელგაიაში და სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთ გავრცელებულ საპორტო მართვის სისტემად ითვლება. ამ მოდელის ფარგლებში სახელმწიფო ან საჯარო საპორტო ადმინისტრაცია ფლობს მიწას, აკვატორიას და ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ნავმისადგომებს, ტალღმტეხებსა და მისასვლელ ინფრასტრუქტურას. ამავე დროს, ტერმინალების მოწყობა, მათი ტექნიკური აღჭურვა და ოპერირება კერძო კომპანიების მიერ ხდება. კერძო ოპერატორები სახელმწიფოსგან კონკრეტულ ტერმინალებს ან ნავმისადგომებს, როგორც წესი, გრძელვადიანი იჯარით ან კონცესიით იღებენ და იქ კომერციულ საქმიანობას ეწევიან.
ამ მოდელის მთავარი თავისებურება ისაა, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს სტრატეგიულ აქტივებზე საკუთრებასა და კონტროლს, ხოლო კერძო სექტორი ოპერირების ეფექტიანობასა და ინვესტიციებს უზრუნველყოფს.
აქამდე მოქმედი მოდელის მიხედვით, ანაკლიის პორტის 51%-ს სახელმწიფო ფლობდა, ხოლო 49%-იანი წილი კერძო ინვესტორს – ჩინურ CCCC-ს უნდა გადასცემოდა.
ახალი გადაწყვეტილებით, პორტის ერთადერთი მფლობელი სახელმწიფო იქნება. კერძო კომპანიები კი არა როგორც აქციონერები, არამედ როგორც მოიჯარეები და ოპერატორები იმუშავებენ. მათ სახელმწიფოსგან კონკრეტული ტერმინალების ან ნავმისადგომების გრძელვადიანი იჯარით აღება შეეძლებათ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინტერესი უკვე არსებობს როგორც დასავლეთის ქვეყნებიდან, ისე ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვით არიან დაინტერესებული.
მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო თავად განახორციელებს ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და უზრუნველყოფს:
• პორტის ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნას;
• ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობას;
• სარკინიგზო კავშირის განვითარებას.
ამასთან, საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებში ინვესტიციებს საერთაშორისო კერძო ოპერატორები განახორციელებენ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი ერთ კონკრეტულ ინვესტორზე დამოკიდებული აღარ იყოს და ერთდროულად რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მონაწილეობით განვითარდეს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.
სად გამოიყენება „ლენდლორდის“ მოდელი
„ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოს მრავალ მსხვილ პორტში გამოიყენება.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ნიდერლანდების როტერდამის პორტი, სადაც საპორტო ადმინისტრაცია ფლობს მიწასა და ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო ტერმინალებს საერთაშორისო კერძო ოპერატორები მართავენ.
ანალოგიური სისტემა მოქმედებს ბელგიის ანტვერპენის პორტში, სადაც საჯარო სექტორი ინარჩუნებს სტრატეგიულ კონტროლს, ხოლო სატვირთო ოპერაციებს კერძო კომპანიები ახორციელებენ.
მსგავსი მოდელით მუშაობენ ასევე სინგაპურის პორტი, აშშ-ის ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტი, ასევე ლოს-ანჯელესის პორტი. „ლენდლორდის“ სისტემა გამოიყენება გერმანიის ჰამბურგის, ლატვიის რიგის, რუმინეთის კონსტანცისა და პოლონეთის გდანსკის პორტებშიც.
რა სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიაში
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებასა და ტალღმტეხის მშენებლობას ითვალისწინებს.
2026 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პროექტის ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. ამ ეტაპზე ანაკლიაში სწორედ აღნიშნული საზღვაო სამუშაოები მიმდინარეობს.