
რა ბერკეტი აქვს სებ-ს იმპორტული ინფლაციის შესარბილებლად? - თიბისი ჯგუფის უფროსი ეკონომისტის შეფასება
TBC Capital-ში ელიან, რომ მიზნობრივ 3%-იანზე თითქმის ორჯერ მაღალი, 5.9% -იანი ინფლაციის მოსათოკად, დეკემბრის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით გაამკაცროს, თუმცა "თიბისი ჯგუფის" უფროსი ეკონომისტი, ნიკოლოზ ზურაბიშვილი „საქმის კურსთან“ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებისას აცხადებს, რომ ნავთობს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვერ გააიაფებს და შესაძლოა, უფრო რელევანტური ინსტრუმენტი ლარის დამატებითი გამყარება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარეგულირებელმა საერთაშორისო რეზერვების შევსება უნდა შეანელოს.
„როგორც გითხარით, ინფლაცია ძირითადად განპირობებულია საერთაშორისო ფაქტორებით და ამაზე ეროვნულ ბანკს ბევრი ბერკეტი არ აქვს - რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ნავთობს ვერ გავაიაფებთ. ეს უფრო იმ ფუნქციას ასრულებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზრის მონაწილეებს აჩვენოს, რომ ის მზად არის ინფლაციის წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად. უფრო ხელმისაწვდომი და ამ სიტუაციისთვის რელევანტური ინსტრუმენტი, შეიძლება ლარის დამატებით გამყარება იყოს, რადგან წნეხი მომდინარეობს იმპორტული ინფლაციიდან და შეიძლება, მაგალითად, უფრო მყარმა ლარმა ნავთობის გლობალურად გაძვირებული ფასები დააბალანსოს“, - განმარტავს ნიკოლოზ ზურაბიშვილი.
ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ, სამომავლოდ, თუკი იმპორტირებული ინფლაცია აჩქარდება იმაზე მეტად, ვიდრე ამას მარეგულირებელი ან საინვესტიციო ბანკები ელიან, ლარის გამყარება დღის წესრიგში მართლაც დადგეს, თუმცა, ეს TBC Capital-ის საბაზო სცენარი არ არის.
„საბაზო სცენარში ველოდებით, რომ თუ საერთაშორისო სიტუაცია მეტად არ გამწვავდა და ფასები დასტაბილურდება საკვებზეც და საწვავზეც, ინფლაცია 2027 წლის მეორე ნახევრიდან უკვე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს უნდა იყოს. ამიტომ, დამატებით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ეროვნულ ბანკს ამ სცენარში, წესით, არ უნდა დასჭირდეს“, - აცხადებს თიბისი ჯგუფის უფროსი ეკონომისტი
BM.GE
წყარო: bm.ge