
რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის გვირაბის და ხიდების მშენებლობა
საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი გაიმართა, რომლის წევრებმაც ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალის თანახმად, დასკვნით ეტაპზეა საგზაო მონაკვეთის ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობის - 426 მეტრის სიგრძის და 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდის თაღის შეერთების სამუშაოები.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტის სრული დასრულება და მოძრაობის გახსნა 2028 წელს იგეგმება. რევაზ სოხაძის განცხადებით, მიმდინარე წელს დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა.
2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობაზე 100 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, ბიუჯეტის რვა თვის შესრულების ანგარიშით ადგილზე იანვარ-აგვისტოში უკვე 79 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, ადგილზე 70 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს, 2028 წელს კი 30 მილიონი ლარის სამუშაოები, რის შედეგადაც გზა საავტომობილო მოძრაობისთვის გაიხსნება.
ქვეშეთი-კობის პროექტი ორ ძირითად სამშენებლო ლოტად არის დაყოფილი. ყველაზე მსხვილი ნაწილია 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბისა და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელსაც ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ახორციელებს. 902 მილიონი ლარის ღირებულების ამ კონტრაქტის ფარგლებში ორივე გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მათი შიდა მოპირკეთება, ელექტრომექანიკური და ვენტილაციის სისტემების მოწყობა. დასრულების შემდეგ ეს გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება.
პროექტის მეორე, 12.7-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს. 317 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიცავს 5 ხიდის, 4 გვირაბის მშენებლობასა და ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მონაკვეთზეა ამ დროისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დარჩენილი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი ახალი ხიდიდან ერთი უკვე დასრულებულია. ამავე დროს მიმდინარეობს 426 მეტრის სიგრძის და 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში მთლიანობაში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ არსებულ ხიდს.
პროექტის დასრულების შემდეგ ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 15 წუთამდე შემცირდება, ხოლო თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილებას დაახლოებით საათ-ნახევარი დასჭირდება. სამინისტროს შეფასებით, ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას, ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით გადაადგილება აღარ იქნება დამოკიდებული ზვავსაშიშროებაზე, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი საგზაო კავშირი ექნება.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ADB პროექტს 415 მილიონი დოლარით აფინანსებს, ხოლო EBRD-ის დაფინანსება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge