
რა გავლენას ახდენს EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ეკონომიკაზე - Moody's-ის შეფასება
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე სააგენტო ადრე ვარაუდობდა. სწორედ ამ შეფასების საფუძველზე Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.
Moody's-მა საქართველოსთვის წინა შეფასება 2025 წლის მარტში გამოაქვეყნა და ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა, ახლა კი რეიტინგის პერსპექტივა კვლავ "სტაბილურამდე" გაუმჯობესდა.
სააგენტოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება კვლავ მნიშვნელოვან რისკებს წარმოადგენს, ძლიერი ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალის შემცირება და ეფექტიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის საკრედიტო პროფილს ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად არ აზიანებს.
„სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება შეფასებას, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე ჩვენი წინა შეფასების დროს იყო,“ - წერს Moody's-ი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები კვლავ მყარია.
Moody's აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალის შემცირება, ფისკალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა მიუთითებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებამ ქვეყნის ფუნდამენტური საკრედიტო პროფილი ამ ეტაპზე მკვეთრად არ დააზიანა.
„სახელმწიფო ვალის შემცირება, ფისკალური და ვალის პროფილის თანდათანობითი გაუმჯობესება, ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის სიმტკიცე მიუთითებს, რომ პოლიტიკური გამოწვევები და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ფუნდამენტურ საკრედიტო პროფილს არ ასუსტებს, მიუხედავად იმ ზომებისა, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებსა და სასამართლოს ავტონომიას,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
სააგენტოს შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნისთვის ძლიერი ინსტიტუციური საყრდენი იყო, თუმცა ხელისუფლებამ გარკვეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მიღმაც გააგრძელა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა მუშაობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სამოქმედო გეგმაზე, მიმდინარეობს საგადასახადო ადმინისტრირების მოდერნიზაცია და სახელმწიფო ვალის სტრუქტურაში იზრდება ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული ინსტრუმენტების წილი.
სააგენტო ასევე დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების ნაწილის შესრულებას ეროვნული ბანკის მიმართულებით. კერძოდ, საუბარია სამეთვალყურეო საბჭოს როლის გაძლიერებაზე, მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური გადარიცხვების შეზღუდვასა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მოდელის ჩამოყალიბებაზე.
ამასთან, Moody's ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია. სააგენტოს შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოლარიზაციის მიზეზი გახდა.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები შემცირდა, ნაწილობრივ დემონსტრაციებსა და საპროტესტო გამოსვლებზე დაწესებული უფრო მკაცრი შეზღუდვების, ასევე იმ ზომების გამო, რომლებმაც, სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, ოპოზიცია დაასუსტა და შეზღუდა არასამთავრობო საზოგადოებრივი ჯგუფების საქმიანობა,“ - აღნიშნავს Moody's-ი.
სააგენტო მიიჩნევს, რომ საქართველოს საკრედიტო პროფილზე გავლენას კვლავ ახდენს როგორც შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია, ისე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკამ, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებამ, ამომრჩევლებს შორის მნიშვნელოვანი პოლარიზაცია გამოიწვია.
ამასთან, Moody's ხაზს უსვამს, რომ საქართველო კვლავ მოწყვლადია რუსეთთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკების მიმართ, რადგან ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან საერთო საზღვარი აქვს და მისი ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.
„Ba2 რეიტინგი ასახავს საქართველოს პოლიტიკურ რისკებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გადავადება, ამომრჩევლებს შორის მნიშვნელოვან პოლარიზაციას იწვევს. გეოპოლიტიკურად საქართველო კვლავ მოწყვლადია რუსეთთან დაკავშირებული დაძაბულობის მიმართ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეგიონში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების არაპროგნოზირებადობის გამო,“ - წერს სააგენტო.
Moody's-ის შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია, ფისკალური დისციპლინა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა ამ ეტაპზე აბალანსებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რისკებს.
სწორედ ამიტომ სააგენტომ საქართველოს Ba2 საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა, ხოლო მისი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. თუმცა ანგარიშში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია, ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესება, ინსტიტუტების ეფექტიანობის შესუსტება და გეოპოლიტიკური რისკების ზრდა კვლავ რჩება იმ ფაქტორებად, რომლებიც მომავალში ქვეყნის საკრედიტო შეფასებაზე გავლენას მოახდენს.
BM.GE
წყარო: bm.ge