
რა კრიტერიუმებით განისაზღვრა ბინაზე უარის სანაცვლოდ დევნილებზე 10 000-ლარიანი კომპენსაცია? - გიორგი კაკაურიძის პასუხი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტებით, დევნილებისთვის ბინის მაგივრად, 10 000-ლარიანი კომპენსაციების გაცემა ბიუჯეტის რესურსის გათვალისწინებით განისაზღვრა. გიორგი კაკაურიძე BMG-ის კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ ვერ ისაუბრებს ამ თანხის შერჩევისას გამოყენებულ კალკულაციასა და კრიტერიუმებზე.
საუბარია 10,000 ლარის ერთჯერად ინდვიდუალურ კომპენსაციაზე დევნილებისთვის, თუკი ისინი სახელმწიფოსგან ბინით დაკმაყოფილებაზე უარს იტყვიან. პროგრამა 2026 წლის 19 ოქტომბერს ამოქმედდა და მასში განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე იწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტრო მოელის, რომ ამ განაცხადებს დაახლოებით 5800 ადამიანი წარადგენს, შესაბამისად საპროგნოზო ბიუჯეტი 58 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგრამას დევნილების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგანაც მათი შეფასებით 10,000 ლარი არ არის თანხა, რომლის ფარგლებშიც მათ საცხოვრისით უზრუნველყოფა შეუძლიათ. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ეს არ არის სავალდებულო შეთავაზება და დევნილებს მასზე უარის თქმა შეუძლიათ.
"ჩვენ ხომ უნდა შევხედოთ რეალურად რა შეთავაზება გვაქვს. ეს არ არის სავალდებულო. ადამიანებს აქვთ უფლება, რომ დაელოდონ კონკრეტულ პერიოდს როცა ისინი მიიღებენ ბინას, მაგრამ არიან ადამიანები რომელთაც შესაძლებელია ბინაც აქვთ, ნორმალური შემოსავალიც აქვთ და ეს არის კომპენსაციის ელემენტი, რომლითაც თვითონ შეუძლია მოითხოვოს ეს და მოთხოვნის შემთხვევაში მიიღებს ამ თანხას.
კრიტერიუმი თუ როგორ შემუშავდა თანხა ამაზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ - ეს არის გათვლა თუ რა მოცულობის თანხა შეეძლო ბიუჯეტს გადაეხადა კომპენსაციის სახით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკმაოდ დიდი მოცულობა იქნება ადამიანების, რომლებიც ამ განაცხადს შეავსებენ და შესაბამისად წელს ვეცდებით რომ მათ შორის საბიუჯეტო ცვლილებების დროს შესაბამისი თანხა იყოს მობილიზებული იმისთვის რომ ეს კომპენსაციები იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა, ხოლო მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge