
რა მოხდება, თუ ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტეს ჩაკეტავენ?
იემენელი ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტის სრულად ჩაკეტვით იმუქრებიან. როგორც ირკვევა, იემენის სანაპიროს გასწვრივ ჩამოყალიბებული ტერორისტული ორგანიზაცია საკმარის სამხედრო რესურსს ფლობს, რათა სანაოსნო მონაკვეთი ჩაკეტოს და გლობალურ ვაჭრობაზე ზეწოლა ირანის სასარგებლოდ მოახდინოს.
მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში მიმოსვლა ჯერ კიდევ შეუზღუდავად გრძელდება, უცხოელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ბლოკადა შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოქმედდეს. ცნობისთვის, ირანმა უკვე გააფრთხილა ტერორისტები, რომ თუ აშშ მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაბომბავს, დაუყოვნებლივ გადაკეტონ სრუტე.
რაც შეეხება თავად იმას, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს საზღვაო გადაზიდვების ძირითად კომპანიებს მარშრუტის შეცვლას დაუყოვნებლივ აიძულებს. გემებს მოუწევთ ისეთი ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება, რომელთა გავლასაც დამატებით 20 დღე სჭირდება.
ამასთან, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბაბ-ელ-მანდების ჩაკეტვის შემთხვევაში სატრანზიტო ხარჯები მნიშვნელოვნად მოიმატებს და ეს პროცესი ინფლაციურ წნეხს გლობალურად გააძლიერებს. ომის დაწყებისა და ჰორმუზთან ერთად ამ სრუტის ჩაკეტვის რისკმა რიგ საზღვაო კომპანიებს უკვე აიძულა ალტერნატიული მარშრუტი - აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზა გამოეყენებინათ, რამაც ინდუსტრიას უკვე $9 მილიარდზე მეტის ზარალი მოუტანა. ეს მოცემულობა კი ევროპასა და აზიაში სამომხმარებლო პროდუქციისა და საკვების ფასებზე პირდაპირ აისახება.
ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ ბაბ-ელ-მანდების ბლოკადა ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ჰორმუზის სრუტისგან განსხვავებით, წითელ ზღვაში ალტერნატიული სახმელეთო ინფრასტრუქტურა არ მოიპოვება. შესაბამისად, რეგიონული მილსადენები დამატებითი ტვირთების სრულად გატარებას ვერ შეძლებს. თუ ეს სრუტე ჩაიკეტება, ევროპა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის და სპარსეთის ყურის ნავთობის გარეშე დარჩება. პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სრუტის სრული ბლოკადა სადაზღვევო პრემიებს რეკორდულ ნიშნულამდე გაზრდის. მზარდი რისკების გამო, ლოგისტიკურ ოპერატორებს კომერციული დაზღვევის მიღება გაურთულდებათ.