
რა რეკომენდაციები აქვს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები მოამზადა, რომელიც დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ წარადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, აუდიტის სამსახურს 20-მდე რეკომენდაცია აქვს. როგორც საქართველოს გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტში წარდგენილი შემოსულობები და გადასახდელები, არსებული დაშვების საფუძველზე, მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად.„ამავდროულად, კანონპროექტის შემდგომი სრულყოფისა და არსებული ფისკალური რისკების ინდიკაციის მიზნით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ.
ეს შეფასებები კი შემდეგია:
• მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ დოკუმენტზე და მასში აისახოს ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების სხვადასხვა ხარისხითა და კომბინაციით მატერიალიზაციის ეკონომიკურ პარამეტრებზე პოტენციური გავლენის შესახებ, რაოდენობრივ ჭრილში; • ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს ახლდეს ინფორმაცია სხვადასხვა ეკონომიკური სცენარის (ოპტიმისტური და პესიმისტური) რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი მოსალოდნელი პასუხების შესახებ; • რაც შეეხება ფისკალურ წესებს, 2027 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტისა (2.5%) და ვალის წესის (31.6%) მაჩვენებლები „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი ლიმიტების ფარგლებშია დაგეგმილი; • კანონპროექტს არ ახლავს სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაციის დანართი, რაც საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნაა; • სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ფისკალური რისკების ძირითადი წყაროებია სახელმწიფო საწარმოები, კვაზი-ფისკალური აქტივობები, PPP პროექტები, ბუნებრივი კატასტროფები, კლიმატური რისკები და სასამართლო დავები; • 2025 წელს სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა ზარალმა 46 მლნ ლარი შეადგინა. საწარმოების ფინანსურ შედეგებზე გაცვლითი კურსის გავლენის კლებადი დინამიკის მიუხედავად, ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლადები საგარეო ფაქტორების მიმართ; • საყურადღებოა, რომ სახელმწიფო საწარმოთა აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების წყარო ვალდებულებებია, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა; • მთავრობის ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების მიერ ვალის აღების შესაძლებლობა; • ფისკალური გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის, მიზანშეწონილია, სახელმწიფო საწარმოების მიერ (სექტორიზაციის გათვალისწინებით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია, დაფინანსების მიზნობრიობის ჩათვლით, წარმოდგენილი იყოს საბიუჯეტო დოკუმენტაციაში; • ასევე, მიზანშეწონილია, შემუშავდეს სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერის კრიტერიუმები/პირობები, რის საფუძველზეც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრება საბიუჯეტო ასიგნებებიდან სახელმწიფო საწარმოებისათვის გამოსაყოფი თანხების მოცულობა; • მნიშვნელოვანი ფისკალური რისკები იჩენს თავს ქვეყანაში მოქმედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტს დაემატოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მომდინარე პოტენციური რისკების შესახებ; • მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების/ქვეპროგრამების ბიუჯეტების განსაზღვრის პროცესში მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციებიც, რათა დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენება და დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისება; • კანონპროექტით წარმოდგენილი პროგნოზით, 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 მლრდ ლარს შეადგენს და მშპ-ს 6.7%-ია. საშუალოვადიან პერიოდში კაპიტალური ხარჯების მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შემცირების ტენდენციით ხასიათდება და 2030 წლისთვის 6.2%-ს უტოლდება.
ქვეყანაში ოპტიმალური ფისკალური სივრცის არსებობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, კაპიტალური დანახარჯების სტაბილური დონის განსაზღვრა და შენარჩუნება, რასაც არსებითი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე;
• სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს დაემატა 10 ახალი კაპიტალური პროექტი, რომელთათვისაც 2027 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსება ჯამურად 546 მლნ ლარია. საყურადღებოა, რომ კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილი არაა აღნიშნული პროექტების PIM მეთოდოლოგიით ჩატარებული შეფასებები. მოცემული პროექტების მასშტაბისა და მაღალი საზოგადოებრივი გავლენის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, აღნიშნული შეფასებები თან დაერთოს კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს; • რაც შეეხება მთავრობის ვალს, 2027 წლისთვის მისი საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 39.9 მლრდ ლარის დონეზეა განსაზღვრული (მშპ-ს 31.6%) და 2026 წელთან შედარებით 1.7 მლრდ ლარით (4.4%-ით) იზრდება; • საყურადღებოა, 2027 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების შეუსაბამობა მოქმედი „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით“ განსაზღვრულ ნიშნულებთან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის“ საბიუჯეტო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრირებისა და პროგნოზირებადობის გაუმჯობესებისათვის, მიზანშეწონილია, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი მომზადდეს იმგვარად, რომ იგი არსებითად შესაბამისობაში იყოს „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით“ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებლებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში კი გადახრების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს საბიუჯეტო დოკუმენტაციაში;
• „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით“ საგარეო ვალის პორტფელში ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალის წილი მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდეს. 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ეს ნიშნული დარღვეულია და აღნიშნული ტიპის ვალი მთლიანი პორტფელის 43.6%-ს უტოლდება. ამასთანავე, სტრატეგიის ნიშნულსა და ფაქტობრივ მაჩვენებელს შორის განსხვავება მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც საპროცენტო ხარჯის მოცულობის მოწყვლადობას გლობალური მონეტარული პოლიტიკის მიმართ მნიშვნელოვნად ზრდის; • აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ წლებში, საშინაო წყაროებიდან მობილიზებული რესურსის მოცულობა მკვეთრად ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, რომელსაც საგარეო წყაროებიდან მიღებულ რესურსთან შედარებით მაღალი საპროცენტო ხარჯები აქვს; • ზემოაღნიშნული ორი მოვლენის ერთდროული ზემოქმედება (გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და საშინაო ვალის წილის ზრდა) უკანასკნელ წლებში მზარდ საპროცენტო ხარჯებში აისახება, რაც მნიშვნელოვანი ფისკალური წნეხის რისკს წარმოქმნის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ამ თვალსაზრისით, ტენდენცია ნარჩუნდება 2027 წელსაც; • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ზემოაღნიშნული რისკის მართვის მიზნით, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ ერთი მხრივ, უზრუნველყოს მთავრობის ვალის პორტფელში ცვლად საპროცენტო განაკვეთიანი სესხების წილის შემცირება „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით“ განსაზღვრული ნიშნულის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, განსაზღვროს მთავრობის ვალის ოპტიმალური სავალუტო კომპოზიცია (ლარი/უცხოური ვალუტა) საშუალოვადიანი პერიოდისთვის, სავალუტო რისკებისა და საპროცენტო დანახარჯების გათვალისწინებით; • პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით საყურადღებოა პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების გამართულობა, შედეგების შეფასების ინდიკატორების ხარისხი და საკმარისობა, მათ შორის ცხადი სამიზნე მაჩვენებლების არსებობა და ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა.
მიზანშეწონილია, ფორმალურად განისაზღვროს ქვეყანაში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.
BM.GE
წყარო: bm.ge