
რა რისკებს შეიცავს დეველოპერების შიდა განვადებები - ოთარ ნადარაიას მოსაზრება
„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი იზიარებს მოსაზრებას, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი შიდა განვადებების წილი გარკვეულ რისკებს შეიცავს.
საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პოტენციურ რისკებზე საუბრობს. როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში დეველოპერების მიერ გაცემული კვაზი-იპოთეკური სესხები, ანუ შიდა განვადებები სწრაფი ტემპით გაიზარდა. შესაბამისად, სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, რომ დეველოპერებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გაფართოვდეს, იმ შემთხვევაში თუკი მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება.
როგორც ოთარ ნადარაიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, დეველოპერების მიერ გაცემულ შიდა განვადებებს ორი მთავარი რისკი აქვს. მისი თქმით, ერთი მხრივ, როგორც წესი ბინის გაყიდვისას არ მოწმდება მყიდველის გადამხდელუნარიანობა, მეორე მხრივ კი შიდა განვადებების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში გაიცემა, რაც მომხმარებელს სავალუტო რისკის წინაშე აყენებს.
„ვეთანხმები სავალუტო ფონდის შეფასებას, რომ ეს საყურადღებო საკითხია და ღირს ამაზე ნამდვილად მსჯელობა. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი, რომ რაიმე აიკრძალოს ან არ აიკრძალოს, უბრალოდ დამატებითი მსჯელობა ამაზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა, შიდა განვადებები ნამდვილად მოსახერხებელია ბევრი ბიზნესისთვის, მაგრამ ეს რეალურად ნაწილობრივი იპოთეკაა. მაგალითად, მე სხვა სესხი მაქვს თუ არა? არ არის ამაზე ინფორმაცია. საკრედიტო საინფორმაციო სისტემაში შეიძლება მე სხვა სამომხმარებლო სესხი მაქვს და უბრალოდ იმაზე ვდებ ფსონს, რომ [უძრავი ქონების] ფასი კიდევ გაიზრდება. არის ასეთი შემთხვევები.
ადრე იყო ე.წ. ჭარბვალიანობის თემა, ჩემი აზრით, პროგრამა მინიმუმი ისაა, რომ უნდა იყოს ინფორმაცია იმაზე, რომ იმ ადამიანს, ვინც იღებს შიდა განვადებას, რეალურად ამ ვალდებულების შესრულება და გადახდა შეუძლია თუ არა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს შემოვიდა საცალო დაკრედიტებასთან დაკავშირებით, რათა სავალუტო რისკებისგან დაეცვა ფიზიკური პირები.
შიდა განვადებები კი, როგორც წესი, ყველა უცხოურ ვალუტაშია. მაშინ ჩნდება კითხვა, რა აზრი აქვს ამ რეგულაციას, როდესაც შიდა განვადება იგივე სესხია ფაქტობრივად. ბინების უდიდესი ნაწილი კი შიდა განვადებით იყიდება. გამოდის, ეს ძალიან დიდი ბაზარია და მილიარდებზეა საუბარი“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
არსებული რისკების გათვალისწინებით, „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს იპოთეკური სესხების დაკრედიტების ჩარჩო და საჭიროების შემთხვევაში, მისი შერბილება მოხდეს. ამასთან, ოთარ ნადარაიას განცხადებით, იმ დეველოპერებს, რომლებიც შიდა განვადებებს გასცემენ, გარკვეული მოთხოვნები უნდა დაუწესდეთ მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის შემოწმების ნაწილში.
„შესაბამისად, ამ საკითხის განხილვისას ყველა მხარის ჩართულობაა მნიშვნელოვანი. პირველი - თუ არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს პირობებში ნაკლები იპოთეკური სესხი გადის და ამ ბაზარმა სხვაგან გადაინაცვლა, ეს ნიშნავს, რომ მარეგულირებელი ჩარჩო უფრო მკაცრია, ვიდრე ამას მდგრადი, ჯანსაღი საბაზრო მოთხოვნა განაპირობებს. ანუ თუ ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომელსაც ვერ იყენებენ ეკონომიკის ძირითადი მოთამაშეები, დასაფიქრებელია, ხომ არ არის ეს ჩარჩო ძალიან მკაცრი.
შეიძლება იმიტომ რომ ლარის სესხებზე მაინც პროცენტები მაღალია. შესაძლოა, განხილული იყოს, რომ მაგალითად, გარკვეული სიფრთხილით, ფიზიკური პირების შემთხვევაში, გარკვეული ჩარჩო არსებობდეს, სადაც სესხის ნაწილი შესაძლებელია ვალუტაში იყოს. მაგალითად, ნახევარი მაინც მოითხოვებოდეს ლარში და დანარჩენი უკვე შეიძლება ევრო-დოლარში იყოს შესაძლებელი რისკის დივერსიფიცირების კუთხით.
მეორე - არის შემთხვევები, სადაც ყველას არ შეუძლია შემოსავლის დადასტურება. ამიტომ შეიძლება იყოს მიდგომა, რომ გარკვეული ჩარჩო წესებით მოხდეს [იპოთეკური] სესხის გაცემა. რაც შეეხება ბიზნესის მხარეს, რადგან თქვით, რომ [შიდა განვადება] იგივე სესხია, ამ შემთხვევაში აუცილებელია, ვინც ამ ვალდებულებას იღებს [დეველოპერები], იყოს მოთხოვნა, რომ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა [მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის გადამოწმების მიზნით]“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
შიდა განვადებები დეველოპერულ სექტორში რისკებს ზრდის... ნებართვების კლება უნდა გაგრძელდეს - თავყელიშვილი
უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერული კომპანიები - "იბერკომპანი" შიდა განვადებებზე
BM.GE
წყარო: bm.ge