
რა თანხა არის გათვალისწინებული 2027 წელს "აწარმოე საქართველოში"-ს ბიუჯეტზე
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 528 მილიონი ლარით, 1.45 მილიარდ ლარამდე იზრდება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, მეწარმოების ხელშეწყობის პროგრამების ჯამური დაფინანსება 2027 წელს მცირდება. უფრო დეტალურად - პროგრამა "მეწარმოების განვითარების" მიმართულებით გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი, რაც 2026 წელთან შედარებით 32.7 მილიონი ლარით ნაკლებია. აღნიშნული პროგრამის მართვა 2026 წლის მაისიდან მთავრობის მიერ ახლად დაფუძნებულ "საქართველოს განვითარების კორპორაციას" ევალება, რომელიც სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს უფლებამონაცვლეა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წელსვე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დაფუძნდა ინვესტიციების სააგენტო, რომელიც იქამდე "აწარმოე საქართველოში"-ს შემადგენლობაში შედიოდა. ამ მიმართულებით მიმდინარე წელს 16 მილიონი ლარი იხარჯებოდა და ის პროგრამა "მეწარმეობის განვითარების" ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, 2027 წელს ამ პროგრამის ჯამური დაფინანსების კლება მათ შორის ინვესტიციების სააგენტოს დამოუკიდებელი სახით დაფუძნებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული სააგენტოსთვის მომდევნო წელს ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება უშუალოდ "აწარმოე საქართველოში"-ს დაფინანსებას, მისთვის 200 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, საიდანაც 5 მილიონი ლარი ადმინისტრაციული ხარჯებია, ხოლო 195 მილიონი ლარი უშუალოდ პროგრამის დაფინანსება. აღნიშნულ თანხას ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" მიიღებს.
პროგრამის თანახმად, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 410 ბიზნესის თანადაფინანსების დაწყება არის განსაზღვრული, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 150-200 ბენეფიციარის დაფინანსება; მიკრო ბიზნეს სესხების მიმართულებით კი 2300-მდე მეწარმის თანადაფინანსება. პროგრამა ასევე ახდენს სუბსიდირებული იპოთეკების პროგრამის მართვას და მოელის, რომ მომდევნო წელს დაახლოებით 1000 ახალი იპოთეკური სესხის სუბსიდირების დაწყება მოხდება.
BM.GE
წყარო: bm.ge