მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ცვლილებები შევა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში - დეტალები
რა ცვლილებები შევა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში - დეტალები

რა ცვლილებები შევა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში - დეტალები

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 20:47|bm.ge

საქართველოს პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება თანმდევ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა“ და „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ ცალკეული ნორმები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებასთან საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამასთან, ცვლილებები დაჩქარებულად განიხილება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად გამოცხადებული კანონის ნორმები 2026 წლის 1 ნოემბრიდან ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.

ცვლილების თანახმად: იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან, თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იხილავს და არკვევს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რითაც მოხდა მკურნალობის დანიშვნა; კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან, 6 თვეში ერთხელ, ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დოკუმენტაციასთან ერთად, სასამართლოს უგზავნის და სასამართლო იხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც შეეფარდა მკურნალობა.

მკურნალ ექიმს კვლავ აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.

"მოქმედი რეგულირებით, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან წელიწადში მხოლოდ ერთხელ იხილავს და არკვევს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რის გამოც მოხდა მკურნალობის დანიშვნა. ცვლილებების თანახმად, ნაცვლად ერთი წლისა, სპეციალური კომისია თვეში ერთხელ შეამოწმებს.

ასევე, არ იყო დაკონკრეტებული სპეციალური კომისიის დასკვნის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ცვლილებების თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაშიც, გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით. აქვე შემოვიდა გასაჩივრების კონკრეტული მექანიზმი და გამოიყენება ის სტანდარტი, რაც მოქმედი კანონმდებლობით არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების გასაჩივრებასთან მიმართებით არის დადგენილი, კერძოდ, მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათში გასაჩივრებისა და შემდგომ სასამართლოს მიერ 72 საათის ვადაში განხილვის ფარგლები. ამასთანავე, გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტები არ იცვლებიან და რჩებიან იგივე.

ცვლილებების თანახმად, ასევე შესაძლებელი გახდება კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციაში გასაჩივრება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება. მოქმედი რეგულირება არ ითვალისწინებდა იძულებითი მკურნალობისას ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის სასამართლო კონტროლის ავტომატურ შესაძლებლობას, ხოლო შემოთავაზებული სიახლის თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ უარყოფით დასკვნას დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის სასამართლოს, სასამართლო იხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც შეეფარდა პირს მკურნალობა.

მოქმედი რეგულაციით, მკურნალ ექიმს აქვს უფლებამოსილება, რომ ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა ვადამდე. ცვლილებების თანახმად, ექიმი ინარჩუნებს მითითებულ უფლებამოსილებას", - განაცხადა მომხსენებელმა და დასძინა, რომ ცვლილებებით გათვალისწინებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი და მითითებული ყველა ის სტანდარტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს პაციენტის უფლებრივ მდგომარეობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

JPMorgan-მა კვარტალური მოგების პროგნოზი ვერ გაამართლა

JPMorgan-მა კვარტალური მოგების პროგნოზი ვერ გაამართლა

BM.GE

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

BM.GE

"გრანტების კანონი" ეწინააღმდეგება პლურალიზმს და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს - ვენეციის კომისია

"გრანტების კანონი" ეწინააღმდეგება პლურალიზმს და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს - ვენეციის კომისია

BM.GE

თბილისის ბაღების მენიუში ყველა პროდუქტი დაბრუნდა - მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე "მიმდინარეობს გამოძიება"

თბილისის ბაღების მენიუში ყველა პროდუქტი დაბრუნდა - მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე "მიმდინარეობს გამოძიება"

BM.GE