
რა უპირატესობები და გამოწვევები აქვს უმაღლესი განათლების რეფორმას|G&T-ის შეფასება
Galt&Taggart-ის თანახმად, ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის პრინციპი ამცირებს ინტერდისციპლინურ სწავლებასა და თანამშრომლობას, რაც ევროპული განათლების სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
საინვესტიციო ბანკმა განათლების სექტორის კველვა მოამზადა, სადაც მათ შორის შეფასებაულია უმაღლესი განათლების 2026 წლის რეფორმის კომპონენტების უპირატესობები და გამოწვევები.
უფრო დეტალურად, კვლევის თანახმად:
ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი
უპირატესობა: მიმართულებების კონცენტრაცია ხელს უწყობს ფინანსური და აკადემიური რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, რაც კონკრეტულ სფეროებში განათლების ხარისხისა და შედეგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გამოწვევა: ამცირებს ინტერდისციპლინურ სწავლებასა და თანამშრომლობას, რაც ევროპული განათლების სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
3+1+1 სისტემა
უპირატესობა: მოკლე პროგრამები ამცირებს სწავლის დროსა და ხარჯს, რაც შრომის ბაზარზე შესვლას აჩქარებს - განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც პრაქტიკულ უნარებს აკადემიურ სიღრმეზე მეტი მნიშვნელობა აქვს.
გამოწვევა: სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებამ, განათლების ხარისხის შესაბამისი გაუმჯობესების გარეშე, შესაძლოა შეასუსტოს კურსდამთავრებულთა კომპეტენციები, დასაქმების შესაძლებლობები და ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა.
სახელმწიფო დაფინანსების მოდელი
უპირატესობა: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრულად დაფინანსება ამცირებს ფინანსურ ბარიერებს და ხელს უწყობს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას სხვადასხვა შემოსავლის ჯგუფისთვის.
გამოწვევა: სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულმა ჩარიცხვის კვოტებმა შესაძლოა შეამციროს უნივერსიტეტების მოქნილობა, ოპერატიულად უპასუხონ სტუდენტებისა და შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების მოდელი სათანადოდ ითვალისწინებდეს კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის.
საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა
უპირატესობა: ათავისუფლებს აკადემიურ რესურსებს ქართველი სტუდენტებისთვის საჯარო უნივერსიტეტებში, სადაც უცხოელი სტუდენტების ზრდის ფონზე, ადგილობრივი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები მცირდებოდა.
გამოწვევა: ამცირებს საჯარო უნივერსიტეტების შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს, თუმცა, პირდაპირი ფინანსური გავლენა შეზღუდულია, რადგან 2025 წლის მდგომარეობით 44,400 უცხოელი სტუდენტიდან მხოლოდ 7,545 სწავლობდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
BM.GE
წყარო: bm.ge