
რაჭაში არაფერი ხდება, რაც საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს - "რაჭა პროჯექტ მენეჯმენტი"
რაჭაში არაფერი ხდება, რაც საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს,- ამის შესახებ BMG-სთან „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის" მმართველი პარტნიორი, სასტუმრო „ნოველას“ ხელმძღვანელი თენგო ჭუმბაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, რაჭის ტურისტული სეზონი მეტწილად, შიდა ტურიზმსა და კორპორატიულ ჯგუფებზეა დამოკიდებული, უცხოელი ტურისტები კი დამსვენებელთა იერარქიაში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებენ. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამის მთავარი მიზეზი რეგიონში სპეციფიკური მიზიდულობის ცენტრების არარსებობაა.
„თუ დავაკვირდებით ტურისტული კომპანიების აქტივობებს და მათ გადმომისამართებულ ტურისტებს, ტენდენცია წლიდან წლამდე, მაინც ზრდისკენ არის, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, რაჭის რეგიონში კონკრეტული არაფერი ხდება, რაც ტურისტულ ნაკადებს, უცხოეთიდან შემომავალ ტურისტებს მოიზიდავს. მსგავსი აქტივობები არ არის, არც რამე იგეგმება.
შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული რომ დახვდეთ უცხოელ ტურისტებს რაჭის რეგიონში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ ინტერესი გამოხატონ, კარგი იქნებოდა. ამიტომ, ძირითადი დატვირთვა ჩვენი სეგმენტის სასტუმროზე მოდის კორპორატიული ჯავშნებიდან, შემდეგ ქართველი დამსვენებლები მოდიან და მესამე ადგილზეა ტურისტული კომპანიები - უცხოეთიდან შემომავალი ტურისტების სახით“, - აცხადებს თენგო ჭუმბაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ერთადერთი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც რეგიონს აცოცხლებდა, „გემოფესტია“, თუმცა, ერთი ფესტივალი მთელი სეზონის გამოსაცოცხლებლად საკმარისი არ არის.
ჭუმბაშვილი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ბრენდების (მაგალითად, „რედისონის“) შესვლა რეგიონში ინტერესს გაზრდის.
„მოგეხსენებათ, „რედისონი“ ფაქტობრივად, უკვე გახსნის სტადიაშია და ეს ვფიქრობ, როგორც რაჭის რეგიონისთვის, ასევე, პატარა სასტუმროებისთვისაც კი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ, რომ კუთხის მიმართ დაინტერესება გაიზრდება და შესაბამისად, ჩვენც იმედით ვართ“, - განმარტავს თენგო ჭუმბაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge