მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რაჭაში შეიძლება ისეთ ლოკაციაზე აღმოჩნდე, სადაც Google Maps-იც ვერ გეხმარება" - KA Group გამოწვევებზე
"რაჭაში შეიძლება ისეთ ლოკაციაზე აღმოჩნდე, სადაც Google Maps-იც ვერ გეხმარება" - KA Group გამოწვევებზე

"რაჭაში შეიძლება ისეთ ლოკაციაზე აღმოჩნდე, სადაც Google Maps-იც ვერ გეხმარება" - KA Group გამოწვევებზე

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 03:13|bm.ge

რაჭის ტურისტული პოტენციალის სრულად ასათვისებლად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეგიონის პოპულარიზაცია და ახალი კერძო ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. ამის შესახებ BM.GE-ს „კა ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინა ჭილაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, რაჭას ბუნებრივი, გასტრონომიული, ღვინისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსი აქვს, თუმცა არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ვერ პასუხობს რეგიონის პოტენციალს.

„პირველი და ყველაზე საბაზისო საკითხი ინფრასტრუქტურაა. ტურისტმა რაჭაში ჩასვლისას უნდა შეძლოს გადაადგილება და მისთვის საინტერესო ადგილების მარტივად პოვნა. დღეს შეიძლება აღმოჩნდე ლოკაციაზე, სადაც 21-ე საუკუნეში Google Maps-იც კი ვერ გეხმარება. ასეთი დეტალი შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ ტურისტისთვის რეალურად სერიოზული ბარიერია. ამიტომ პირველ ეტაპზე აუცილებელია, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურა და ტურისტული ლოკაციების ციფრული ხელმისაწვდომობა მოწესრიგდეს“, - ამბობს ნინა ჭილაძე.

მისივე თქმით, მხოლოდ ცალკეული ბიზნესების ძალისხმევა საკმარისი არ იქნება და რეგიონს სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება სჭირდება.

„რაჭის განვითარება ერთი სასტუმროს ან ერთი ბიზნესის ამოცანა ვერ იქნება. საჭიროა კომპლექსური ჩართულობა - სახელმწიფოს მხრიდან რეგიონის პოპულარიზაცია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერა, კერძო ბიზნესისთვის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და თავად კომპანიების მზადყოფნა, რომ რეგიონში შევიდნენ. რაც მეტი განთავსების ობიექტი გაჩნდება, მით მეტი კვების ობიექტის, ღვინის მარნის, სადეგუსტაციო სივრცისა და სხვა ტურისტული სერვისის შექმნის საჭიროებაც გაჩნდება“, - აცხადებს ის.

კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, ტურისტული კომპანიებისთვის რაჭის შეთავაზების გასაზრდელად მხოლოდ სასტუმროების რაოდენობის ზრდა არ კმარა. საჭიროა დამატებითი სერვისების ქსელიც, რომელიც ტურისტულ პაკეტებში რეგიონის სრულფასოვნად ჩართვას გაამარტივებს.

„ტურისტულ კომპანიას მხოლოდ სასტუმროს შეთავაზება არ აინტერესებს. მას სჭირდება ტრანსპორტი, კვება, სხვადასხვა აქტივობა, ღვინისა და გასტრონომიული გამოცდილება, გიდი და სხვა მომსახურებები. დღეს რაჭაში ამ ყველაფრის ერთიანად შეთავაზება ჯერ კიდევ რთულია. ამიტომ, თუ გვინდა, რომ რეგიონი უფრო მეტი საერთაშორისო ტურის ნაწილი გახდეს, ამ ჯაჭვის ყველა რგოლი უნდა განვითარდეს“, - განმარტავს ჭილაძე.

მისივე თქმით, „კა ჯგუფი“ რაჭაში საქმიანობას გრძელვადიან პროექტად განიხილავს და მიიჩნევს, რომ რეგიონში არსებული რისკების მიუხედავად, ბაზრის განვითარებაში კერძო სექტორმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რაჭაში ინვესტირება და ოპერირება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით სეზონურობის გამო. მაგრამ თუ ყველა მხოლოდ იმას დაველოდებით, როდის გახდება მოთხოვნა საკმარისი, შესაძლოა ეს მომენტი ძალიან დიდხანს არ დადგეს. ზოგჯერ ბაზარს თავად სჭირდება ახალი შეთავაზება, ახალი გამოცდილება და ახალი მიზეზი, რის გამოც ტურისტი რეგიონს აირჩევს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახლა გაჩერების დრო არ არის და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაჭის პოტენციალი რეალურ ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ“, - ამბობს ნინა ჭილაძე.

რაც შეეხება სიახლეებს, „კა ჯგუფი“ პარალელურად საკუთარი სასტუმროების მართვის პორტფელის გაფართოებასაც გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, 2027 წლიდან პორტფელს კახეთში ახალი ობიექტი დაემატება, ასევე თბილისში რამდენიმე ბუტიკ სასტუმროს მართვაც იგეგმება. ჯგუფს სომხეთში გაფართოების გეგმებიც აქვს, თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის.

„2027 წელი ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. უკვე გვაქვს პროექტები, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში შემოუერთდება ჩვენს პორტფელს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კახეთია - სასტუმროს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ უკვე კახეთშიც შევხვდებით სტუმრებს. თბილისში რამდენიმე ბუტიკ კატეგორიის ობიექტიც დაგვემატება. სომხეთის მიმართულებითაც გვაქვს საინტერესო გეგმები, თუმცა იქ ჯერ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ნაადრევია“, - ამბობს ნინა ჭილაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის სასტუმროებში ზამთრის დატვირთულობა მკვეთრად შემცირდა - "ბიზნესი მხოლოდ თავის გადარჩენას ახერხებს"

ქუთაისის სასტუმროებში ზამთრის დატვირთულობა მკვეთრად შემცირდა - "ბიზნესი მხოლოდ თავის გადარჩენას ახერხებს"

BM.GE

რომის პაპ ლეო XIV-ს უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ - რას აცხადებს პონტიფიკოსი?

რომის პაპ ლეო XIV-ს უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ - რას აცხადებს პონტიფიკოსი?

BM.GE

OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა ინვესტორთა მოლოდინები ვერ გაამართლა

OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა ინვესტორთა მოლოდინები ვერ გაამართლა

BM.GE

სექტემბერში გაეროს სურსათის ფასების ინდექსი 136 პუნქტამდე გაიზარდა

სექტემბერში გაეროს სურსათის ფასების ინდექსი 136 პუნქტამდე გაიზარდა

BM.GE