
რამდენიმე თვეა ანაკლიის პორტის გენგეგმის მოდიფიცირებაზე ვმუშაობთ - ეკონომიკის მინისტრი
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ამჟამად აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს და ოპონენტებს მისი ნახვა ადგილზე შეუძლიათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად პროექტის გარშემო არსებული კრიტიკისა და სპეკულაციებისა, სახელმწიფო გეგმა-გრაფიკს ზედმიწევნით მიჰყვება და პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.
მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტის განვითარება უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ნებისმიერი საპორტო ოპერირებისთვისაა აუცილებელი.
„მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა, რომელიც ამ პროექტის გარშემო დღემდე გვესმის, იცით, რომ დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და მშენებლობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაღრმავების და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ყველა პორტისთვის. ამიტომ, ეს პროცესი დღეს უკვე დაწყებულია.
რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ქვრივიშვილის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, უწყება რამდენიმე თვეა მუშაობს პორტის განახლებულ გენერალურ გეგმაზე, რაც საოპერაციო სტრუქტურის ცვლილებასა და პირველი ფაზის მოცულობების გადახედვას გულისხმობს. მინისტრის მოადგილის თქმით, შუა დერეფანში ტვირთნაკადის ზრდის გამო, პორტს საწყის ეტაპზევე იმაზე მეტი ტვირთის გატარება მოუწევს, ვიდრე დაგეგმილი იყო.
„ჩვენმა გუნდმა უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო მუშაობა განახლებული გენგეგმის შექმნის და მოდიფიცირების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება მოდელის და ზოგადად, პორტის ოპერირების სტრუქტურის ცვლილება... ჩვენი გეგმა გულისხმობს უშუალოდ მშრალი და ნაყარი ტვირთების, კონტეინერების საგრძნობლად ზრდას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება (ე.წ. ლენდლორდ მოდელი), ხოლო საერთაშორისო პარტნიორები პროექტში წილობრივი თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის ოპერირების მიზნით ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.
აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.
ანაკლიის პორტის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების მიზნით, ასევე პორტის ტალღმტეხის მოწყობისთვის 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია. ამჟამად პორტში სწორედ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს.
BM.GE
წყარო: bm.ge