
რატომ იქმნება გზების მოვლისთვის სახელმწიფო კომპანია?|ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტება/არგუმენტები
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა, რატომ იქმნება გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანია.
მისი განმარტებით, უამრავი შემთხვევაა, როდესაც კერძო კომპანიები გზების მოვლა-შენახვაში შეცდომებს უშვებენ და სამუშაოების ჩატარება თავიდან უხდებათ.
რევაზ სოხაძემ აღნიშნული შემთხვევის მაგალითად, „სამტრედია-გროგოლეთის გზა დაასახელა და თქვა, რომ შესაძლებელი იყო მისი გაცილებით მცირე დანახარჯებით ხარისხიანად გაკეთება.
მინისტრმა აღნიშნული ინიციატივის ამოსავალ წერტილად კომპანიების მოძველებული ტექნიკა დაასახელა, რითაც, მისი აზრით, გზების მოვლა აღარ უნდა ხდებოდეს.
„სამტრედია-გროგოლეთს მონაკვეთზე, გზა რამდენიმე წლის წინ იყო დაგებული და მოგვიწია, ხელახლა ე.წ საცვეთი ფენის გადაგება, რადგან მოვლა-შენახვაში იყო შეცდომები დაშვებული და გზა დაზიანდა. ამაში რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, როდესაც ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მცირე დანახარჯებით აქამდე არ მივსულიყავით. მსგავსი უამრავი შემთხვევაა, მათ შორისა გურჯაანი- ჭაბუკიანის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ ეს კომპანიები არ ზრუნავენ თავიანთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. ალბათ გინახავთ, როგორი მანქანებით ხდება თოვლის გაწმენდა, მათ შორის, ცენტრალურ მაგისტრალებზე. ჩვენ არ გვინდა 70-იან, 80-იან წლებში გამოშვებული მანქანებით და მოძველებული ტექნიკით, რაც მსოფლიოში არსად აღარ ხდება, გზების მოვლა-შენახვა.წლების განმავლობაში შევქმენით მრავალმილიარდიანი აქტივი და ახლა არის დრო, ამ აქტივს მოვუაროთ, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, - განაცხადა მან.
რევაზ სოხაძემ თქვა, რომ სამინისტრო აპირებს შეიძინოს ახალი ტექნიკა, რომელიც თანამედროვე და ხარისხიანი იქნება. მან აღნიშნა, რომ ამისთვის კონკრეტული თანხა 120 ერთეულ ტექნიკაზეა გამოყოფილი. ამის მიუხედავად, მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო მაინც არ იქნება კერძო კომპანიების კონკურენტი და მათ განვითარებაზეც იზრუნებს.