
რძის პროდუქტები, ხე-ტყის მასალა, სპირტიანი სასმელები, ღვინო... - რით ვაჭრობს საქართველო ბელარუსთან?
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა იური შულეიკომ შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება და ყურადღება ბელორუსული რძის პროდუქტების იმპორტზე გაამახვილა. თავის მხრივ იური შულეიკომ კი თქვა, რომ ერთ-ერთი განხილვის თემა ღვინისა და კონიაკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული, მათ შორის ყურძნის სპირტის მიწოდება და სავაჭრო მიმოცვლა იყო.
BM.GE დაინტერესდა - როგორია საქართველო-ბელარუსის ვაჭრობის დინამიკა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ბელარუსში?
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობა 15.2%-ით 151 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც იმპორტის კლებით იყო განპირობებული.
2025 წელს ბელარუსში საქონლის შესაძენად საქართველოდან 108 მილიონ 164 ათასი დოლარი გავიდა, რაც წლიურად 23.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ძირითადი იმპორტირებული პროდუქტი გასულ წელს სწორედ რძე იყო, რაზედაც დავით სონღულაშვილმა ბელარუსის ვიცე-პრემიერთან ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ 2024 წელთან შედარებით ბელარუსიდან იმპორტირებული პროდუქტის რეიტინგი შეიცვალა. გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს პროდუქტი მანამდე რეიტინგის სათავეში იყო. მისი შემოტანის კლების შემდეგ კი პირველი ადგილი 2025 წელს რძემ და ნაღებმა დაიკავა.
TOP-10 იმპორტირებული პროდუქტის რეიტინგი კი 2025 წელს ასე გამოიყურებოდა:
• რძე და ნაღები შესქელებული ან შაქრის დამატებით - $13 მლნ, 5 243 ტონა; • ხე-ტყის მასალა დახერხილი - $10 მლნ, 27 841 ტონა; • მერქანბოჭკოვანი მერქნის ფილები - $6.1 მლნ, 12 062 ტონა; • საქონლის ხორცი ახალი ან გაციებული - $5.2 მლნ, 972 ტონა; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $4.2 მლნ, 351 ტონა; • დაწებებული ფანერები და ხის დაფანერებული პანელები - $3.7 მლნ, 6 051 ტონა; • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $2.8 მლნ, 2 739 ტონა; • სხვა ავეჯი და მისი ნაწილები - $2.5 მლნ, 1 042 ტონა; • შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე რძე და ნაღები - $2.5 მლნ, 2 862 ტონა; • პურ-ფუნთუშეული - $2.4 მლნ, 754 ტონა;
მიმდინარე წლის 4 თვეში ბელარუსიდან იმპორტი გაიზარდა, რაც ქვეყნების სავაჭრო ბრუნვაზეც აისახა. ეს ზრდა კი ამ ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის გააქტიურებამ განაპირობა. იანვარ-აპრილში საქართველომ ბელარუსიდან ჯამში 60 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. აქედან თითქმის მესამედი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. ასევე ჩამონათვალში ვხდებით შესქელებულ და შეუსქელებელ რძეს და ნაღებს, ნაღების კარაქსა და რძის პასტებს.
რაც შეეხება ბელარუსში საქონლის გაყიდვას, 2021 წლის შემდეგ ექსპორტის ყოველწლიური კლების შემდეგ, 2025 წელს 16.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად ბელარუსში საქონლის ექსპორტით საქართველომ გასულ წელს 42 მილიონ 847 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
საქართველოდან მთავარი ექსპორტირებული საქონელი სპირტიანი სასმელები და ღვინო იყო. ექსპორტირებული TOP-10 პროდუქტის ჩამონათვალი:
• სპირტიანი სასმელები - $11.6 მლნ, 1 521 810 ლიტრი; • ღვინო - $8.3 მლნ, 2 939 506 ლიტრი; • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $4.7 მლნ, 31 ტონა; • ლიმონათები - $3.8 მლნ, 2 841 257 ლიტრი; • მინერალური და მტკნარი წყლები - $2.5 მლნ, 4 392 607 ლიტრი; • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $1.6 მლნ, 229 ტონა; • ახალი ან შეყინული კარტოფილი - $1.3 მლნ, 3 302 ტონა; • თხილი და სხვა კაკალი - $1.1 მლნ, 133 ტონა; • სხვა ადგილას დაუსახელებელი კვების პროდუქტები - $1.1 მლნ, 7 ტონა; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $840 ათასი, 8 ტონა;
მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან ექსპორტი მცირედით 10.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge