
რეექსპორტის გადასახადის ზრდა სიურპრიზი აღმოჩნდა.. ეს რეექსპორტს ხელს შეუშლის - Carmark-ის დირექტორი
“ახალი გადაწყვეტილება ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩვენთვის. მე მეგონა, რომ რაღაც ხელშეწყობა იქნებოდა რეექსპორტისთვის და სიურპრიზად უცებ ეს ახალი გადასახადი შემოვიდა”- ასე ეხმაურება Carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გაფორმებაზე ახალი მოსაკრებლის ამოქმედებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 16 ნოემბრიდან ავტოიმპორტიორებს ყოველ რეექსპორტირებულ ავტომობილზე დამატებით 450 ლარის გადახდა მოუწევთ. აქამდე რეექსპორტის პროცედურისთვის თანხა, დაახლოებით 600 ლარი, მხოლოდ შსს-ს მომსახურების სააგენტოში ირიცხებოდა, ახალი დადგენილებით კი ამ ხარჯს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურიც ემატება.
ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საავტომობილო ბიზნესში ისედაც კრიზისია და მაგალითად Carmark-ის შემთხვევაში რეექსპორტის მიმართულებით ბაზარი 90%-ით შემცირდა. ირაკლი კუხიანიძის შეფასებით, განბაჟების ტარიფების ზრდის ფონზე საქმიანობას ასევე ართულებს ამერიკაში მეორადი ავტომობილების კრიზისი, გაზრდილი ფასები, ძვირი ტრანსპორტირება და საწვავის გაძვირება. მისი თქმით, 6 წლამდე ასაკის ავტომობილები იმდენად ძვირი ჯდება, რომ რეექსპორტის ჩავარდნის შემთხვევაში მათ ადგილობრივ ბაზარზეც აღარ ჰყავთ მყიდველი.
“90%-იანი ვარდნა გვაქვს დილერების მიმართულებით. დილერების მიმართულება არის ის მიმართულება, სადაც ხდება რეექსპორტით ავტომობილების გაყიდვა. ის 10%, ვინც დარჩენილი იყო ამ რეექსპორტზე, ისიც რეალურად რისკის ქვეშაა და რაღაცა წვალებით მოჰყავდა ეს ავტომობილები და ახლა ალბათ ის 10%-იც სავარაუდოდ, კიდევ შეგვიმცირდება. კი, ამ გადასახადს რეალურად არ იხდის დილერი თვითონ, არამედ ამას იხდის ავტომობილის მყიდველი, ვისაც რეექსპორტზე გაჰყავს, მაგრამ პროდუქტი ძვირდება. ისედაც გაძვირებული პროდუქტი, რომელიც ტრანსპორტირებამ გააძვირა, ავტომობილების დეფიციტის გამო გაძვირებულმა ფასებმა გააძვირა, კიდევ ახლა ეს გადასახადიც დაემატება და სავარაუდოდ, ესეც შეუშლის ხელს რეექსპორტს.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ 450 ლარი და 500 ლარი არაფერი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამანაც, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო, კიდევ უფრო დააზიანა [ბიზნესი]. მე უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ გაძვირდა, ბევრი ვიფიქრე ამაზე და ჯერ პასუხი არ მაქვს, რატო გახდა ამის გაძვირება საჭირო”,-აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.
რეექსპორტის გაფორმების ხარჯების ზრდის შესახებ განმარტებებს ამ დრომდე ველით ფინანსთა სამინისტროსგან.
არსებული მდგომარეობით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლებად ტენდენციას აჩვენებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული.
„საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, “ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან ანუ 2026 წლის 1 აპრილიდან 6 თვის მანძილზე ავტოინდუსტრიის ჯამურმა დანაკარგმა, იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით, თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge