
რეფერენტული ფასები კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განისაზღვრება - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უწყება რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს.
სამინისტროს განმარტებით, ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე.
რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე. შედეგად, სამინისტროს თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.
"პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა. ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ლელა სულაბერიძემ გააცნო.
სექტორის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაახლოებით - ორი კვირის ვადაში, ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ, უწყება კი, გადაწყვეტილების მიღებისას, მათ მოსაზრებებს მხედველობაში მიიღებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახალ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედება, წინა ეტაპების მსგავსად, მნიშვნელოვნად გააიაფებს პროდუქციას, მოქალაქეებისთვის კი გაზრდის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პროცესი გაგრძელდება და ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება",- აღნიშნავენ უწყებაში.
ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნაში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი თავი ფარმაცევტულ ბაზარს ეთმობა. კომისიის შეფასებით, საქართველოში წამლების ფასებზე გადამწყვეტი გავლენა 2023 წლიდან ამოქმედებულმა რეფერენტულმა ფასებმა იქონია, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ფასების ზედა ზღვარი განსაზღვრა.
დოკუმენტში მოყვანილია სააფთიაქო ქსელების მომგებიანობის მაჩვენებლებიც, რაც, კომისიის მტკიცებით, საერთაშორისო ნორმების ფარგლებშია:
• საერთო მოგების მარჟა: სააფთიაქო ქსელებში ეს მაჩვენებელი 22%-დან 30%-მდე მერყეობს. შედარებისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ანალოგიური მარჟა 25%-35%-ის ფარგლებშია. • ვერტიკალური ინტეგრაცია: კომისია ხაზს უსვამს, რომ ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიები ხშირად ერთდროულად არიან იმპორტიორებიც, მწარმოებლებიც და საცალო რეალიზატორებიც. ეს მათ საშუალებას აძლევს, ხარჯები მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე გადაანაწილონ. • საოპერაციო ხარჯები: ფარმაცევტულ სექტორში საოპერაციო ხარჯების წილი (OpEx) ბრუნვასთან მიმართებაში 17%-დან 23%-მდეა, რაც ძირითადად ფართების იჯარითა და მაღალკვალიფიციური პერსონალის შენახვითაა განპირობებული.
კომისიის დასკვნით, მედიკამენტების შემთხვევაშიც გამოსავალი არა ფასების ტოტალურ კონტროლში, არამედ გენერიკული (ანალოგიური შემადგენლობის, მაგრამ უფრო იაფი) მედიკამენტების წახალისებასა და რეფერენტული ფასების სიის შემდგომ გაფართოებაშია.
„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე კონკურენციის ხარისხთან და არა მხოლოდ ადმინისტრაციულ შეზღუდვებთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
BM.GE
წყარო: bm.ge