
რითეილ სექტორი "სოციალური კალათის" შექმნას აანონსებს|ირაკლი კობახიძეს ინიციატივა მოსწონს
საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ „საოჯახო კალათის“ ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური, შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს.
ასოციაციის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაეცნენ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ვრცელ დასკვნას, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა.
პროცესს გამოეხმაურა კობახიძეც, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება ბაზარზე უხეშ ჩარევას არ გეგმავს, თუმცა ბიზნესთან კოორდინაციას მიესალმება.
აღსანიშნავია, რომ ფასების კვლევა გასული წლის ბოლოს პრემიერის საკმაოდ მკაფიო განცხადებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც "საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია". კობახიძის დავალებით შექმნილმა "ფასების საპარლამენტო კომისიამ" კი თქვა, რომ საქართველოში ქსელების მოგება ევროპულს არ აღემატება.
„რითეილ ასოციაცია“: ორიენტირი ფრანგულ და ბერძნულ მოდელებზე
„რითეილ ასოციაციამ“, რომელიც უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ შეიმუშავეს „საოჯახო კალათის“ ინიციატივა. ასოციაციის განმარტებით, გადაწყვეტილება პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გაცნობის შემდეგ იქნა მიღებული.
„კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციებიდან სექტორისთვის განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები. ეს მოდელები გამორიცხავს ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან და მიზნის მიღწევას კონკურენციის პრინციპების გაძლიერებით ისახავს მიზნად. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს სექტორის წარმომადგენლებმა ახალი მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სავაჭრო ქსელები თავად უზრუნველყოფენ იმ ძირითადი პროდუქტების იდენტიფიცირებას, რომლებზეც ფასდაკლებები გავრცელდება.“