
რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო - ინვესტორი ზონის ცვლილებას ითხოვს
რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო. დოკუმენტის თანახმად, რიყის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთზე ინვესტორი ზონის ცვლილებას ითხოვს.
"საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფუნქციური ზონირების მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 და მცირე ნაწილზე - სატრანსპორტო ზონა 1. წარმოდგენილი გრგ-ს დავალების მიხედვით, გვსურს ტერიტორიაზე სრულად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2", - წერია დოკუმენტში.
შესაბამისი ინფორმაცია ასევე გაავრცელა „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ირაკლი აბესაძემ. მისი თქმით, ინვესტორი 67,761 კვ.მ-ზე ითხოვს ფართობის შენობის მშენებლობას. აბესაძეს მიაჩნია, რომ მერიამ უნდა უზრუნველყოს "ინვესტორის" წინადადების რეალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ჩართულობა.
"რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო. ამ ეტაპზე ,,ინვესტორი” შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით დაახლოებით 10 სართულიან შენობას ნიშნავს, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო განთავსდება, რაც აქ კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, რიყის ისტორიულ ზონაში არსებული 14,591 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ზედ არსებული შენობა - ,,რიყის დოქები”, ფაქტობრივად უფასოდ გაჩუქდა. ეს სახელმწიფო ქონების აშკარად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფლანგვა-კორუფციაა.
,,რიყის დოქები” - საგამოფენო და საკონცერტო სივრცე უკვე დანგრეულია, ამიტომ ამ ტერიტორიის შემდგომი განვითარება მხოლოდ რიყის პარკთან მისი გაერთიანება შეიძლება იყოს.
მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს ,,ინვესტორის” წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა. P.S. ფოტო ჩემს მიერ გაკეთებული მონტაჟია იმ მოცულობის, რის შეთანხმებასაც აპირებს თბილისის მერია", - წერს იგი.
ინფორმაციისთვის: თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს "რიყე დომ"-ის საკუთრებაშია.
2025 წლის ივნისში "რიყე დომის" მესაკუთრე გახდა შპს "მაქრო ფროფერთი", რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, მაქრო ჯგუფი საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი კლასის სასტუმროს - Swissotel Tbilisi-ს, ასევე პროექტ მაქრო სითის და სამშენებლო კომპანია მაქრო ქონსთრაქშენს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, რიყის დოქების ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტის განვითარება არის შესაძლებელი.
"უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას, (რაც შესაძლოა მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით) შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას", - წერია მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულებაში.
თავის მხრივ, "რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ "მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა.
ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, "მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი "როყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია "რიყე დომის" წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.
2025 წლის 21 მაისს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.
რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.
რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.
BM.GE
წყარო: bm.ge