
რკინიგზამ თბილისის სადგურის ბაქნების რეაბილიტაციისთვის ₾7.4 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
„საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის ცენტრალური სადგურის N2 და N3 სამგზავრო ბაქნებისა და მათზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7.4 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ბაქნების განახლება, არსებული სივრცეების გადახურვა და მგზავრთა გადაადგილებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოები ასევე ითვალისწინებს ოთხი ახალი ესკალატორის მონტაჟს - თითოეულ ბაქანზე ორი ერთეულის განთავსებას.
ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის შესრულების ვადა 12 თვე იქნება და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
“ბაქნებზე ზედაპირული წყლის ასარინებელი სისტემა (რკინაბეტონის ღარები) სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების მოცილებას. აღნიშნული დაკავშირებულია როგორც საპროექტო და სამშენებლო, აგრეთვე საესპლუატაციო ნორმების და წესების დარღვევასთან. ბაქნებზე შეინიშნება რკინაბეტონის კონსტრუქციების სიმტკიცის დარღვევა, რაც გამოწვეულია ძირითადად ჯდენებით, აღდგენის უხარისხო მცდელობებით მონოლითური ბეტონით და პარალელურობის დარღვევა ლიანდაგის მიმართ. ღარების განთავსებაში დარღვეულია გრძივი ქანობები, ადგილ-ადგილ კონსტრუქციული დაზიანებებია და ზოგიერთი ადგილები საერთოდ ამოვსებულია ღორღით და გრუნტით,”- ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციის თანდართულ დოკუმენტში, რომელიც არსებული ბაქნების მდგომარეობას აღწერს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს რკინიგზა თბილისის სადგურის ბაქნების რეაბილიტაციას 2024 წელსაც გეგმავდა, რისთვისაც 4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი იყო გამოცხადებული თუმცა, აღნიშნული შესყიდვა ვერ შედგა.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს „საქართველოს რკინიგზა“ კონკრეტულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უყენებს. პრეტენდენტს 2023 წლიდან დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4.5 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, კომპანიას უნდა ჰქონდეს გამოცდილება სულ მცირე ერთი მსხვილი პროექტის განხორციელებაში, რომლის ღირებულებაც მიმდინარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების 30%-ს მაინც შეადგენს.